ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, აბუ-დაბის სასამართლომ ის და ვიქტორ სანიკიძე დააჯარიმა. მან ამის შესახებ პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
“იყო სასამართლო, ჯარიმა და ჯარიმის საფუძველზე შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. [..] მესამე დღეა რაც ჩვენ ჩამოვედით, [..] ჯარიმა გამოიწერა, დირჰამებში, იქ ჩვენ გვყავდა მეგობრები, ვინც გადაიხადა ეს ჯარიმა და ახლა ამ 3 და 4 ათას დოლარს, ბუნებრივია, ჩვენ გადავიხდით”, – თქვა ზარქუამ.
ამას გარდა, ზარქუა ამტკიცებს, რომ ბიჭს, რომელმაც თეფში ისროლა და დაპირისპირებისას არალეგიტიმური დეპუტატების მხარეს იყო, არ იცნობს.
“ამის შემდეგ პროცედურა რაც იყო, საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ იქ და შესაბამისად, გამოძიება დაიწყო ამასთან დაკავშირებით, თან დამძიმებული ის ჰქონდა იმას, აქედან კარნახობდნენ ეტყობა, რომ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმაა და დეპუტატების გარდა სხვაც მონაწილეობდაო.
“ის ვიღაც ახალგაზრდა იყო იქ, ბევრი ქართველი ისვენებდა იქ და ჩასული იყო. ეტყობა, იმდენად ამოუვიდათ ხალხს ეს პროვოკაციები, რომ თვითონაც თეფში ისროლა. არც ვიცნობთ ამ ადამიანს, როგორ მოხვდა იქ, რანაირად”, – ირწმუნება ზარქუა.
ასევე, ზარქუას მტკიცებით, “ის, რაც აბუ-დაბიში მოხდა საამაყო არ არის”, მაგრამ “თმენის ვალდებულების მიუხედავად, ყოველთვის ასეთი რეაგირება ექნება”.