აბუ-დაბიში სასტუმროში საქართველოს მოქალაქესა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ.
„საუზმეზე ჩამოვედი, ვიჯექი მარტო ჩემთვის, ცოლთან ერთად… გუშინდელი მომხდარით გამწარებულები იყვნენ და მომვარდნენ“, – ამბობს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი და ვიდეოებს ავრცელებს.
გაბიტაშვილმა წინა დღეს, 12 იანვარს აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას მოღალატე უწოდა და აგინა.
პირველ ვიდეოში გაბიტაშვილი ურტყამს ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს. კიდევ ერთი დეპუტატი, გელა სამხარაული გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.
მეორე ვიდეოში გაბიტაშვილი და პარლამენტარები ერთმანეთს აგინებენ.
„თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“ – ეუბნება სანიკიძე გაბიტაშვილს მესამე ვიდეოში.
„შენი მოღალატე დედას შ***ცი“ – ამბობს გაბიტაშვილი.
ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ურტყამს ფეხს, სამხარაული კი გაბიტაშვილს – მხარსა და სახეში მუშტს.
მოგვიანებით მოქალაქე ლაშა კახიშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ინციდენტის დასაწყისი ჩანს:
გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, სახეში თეფშზე დადებულ საკვებს აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება წინა დღეს დაიწყო.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ირაკლი ზარქუას გაბიტაშვილმა, – რომელიც იმავე სასტუმროში ისვენებს, სადაც ზარქუა და მისი კოლეგები, – „მოღალატე“ და „სამშობლოს გამყიდველი“ დაუძახა.
„გუშინ რა მოხდა ბათუმში გაიგეთ, სანამ ჩამოხვიდოდით? ხალხი პლაკატების გამო რომ დაიჭირეს იცით? რუსთაველზე ხალხი რომ აწამეს ნოემბერს იცით?..” – 12 იანვარს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ეკითხება მოქალაქე ზარქუას.
იქვე არიან სხვა დეპუტატებიც.
მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტში ზარქუამ გაბიტაშვილს „გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი“ უწოდა.
ინფორმაცია დაზუსტდა სავარაუდოდ, ინციდენტის დასაწყისის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ.
ფორუმი