მოდის დიზაინერი ნინი ზარქუა, რომელიც დეპუტატ ირაკლი ზარქუას და “ლაგი კაპიტალის” ყოფილი მფლობელის, ალექსანდრე ამისულაშვილის ცოლია, ეხმაურება კომპანიის ახლანდელი მფლობელების დაკავების ფაქტს.
ნინი ზარქუას განცხადებით, სიცრუეა რომ მის ქმარს და ძმას რაიმე კავშირი აქვთ კომპანიასთან, რომლებიც გუშინ დააკავეს.
“ჩემს მეუღლეს და მით უმეტეს, ირაკლი ზარქუას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტენდერებთან! ეს კომპანია “ლაგი კაპიტალი”არის გასხვისებული (გაყიდული) 2 ან 3 წლის წინ. ზუსტად არც მახსოვს… შემდგომ ახალმა მფლობელებმა რაც ჩაიდინეს, არანაირ კავშირში არაა ალექსანდრე ამისულაშვილთან! მეტსაც გეტყვით საერთოდ სახეზეც კი არ იცის ეს პიროვნებები! გამოძიება დაადგენს ყველას დანაშაულს და შესაბამისი პასუხიც გაეცემათ იმისთვის რაც ჩაიდინეს, თუმცა ვაი ჟურნალისტებს მოუწევთ ბოდიშის მოხდა ჩემი ოჯახისთვის, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ და მაყურებელი შეჰყავთ შეცდომაში! სკეპტიკოსებს შეგიძლიათ ჩვენებებიც ნახოთ დაკავებულების და კიდევ უფრო მიხვდებით, რომ ჩემი ოჯახი ამ თემასთან საერთოდ არ არის კავშირში”, – წერს ნინი ზარქუა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით, „ლაგი კაპიტალის“ დირექტორი ბესიკ ბერძენიშვილი და, სავარაუდოდ, მისი ძმა, ალეკო ბერძენიშვილი დააკავეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ბრალდებულებმა — 2023 წელს ა.ბ.-მ და ბ.ბ-მ შპს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა — დღეის მდგომარეობით, არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა.
ამასთან, გამოძიების ცნობით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო ერთი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში — სამი სკოლა. ამ შემთხვევაშიც არცერთი სკოლა აშენებული არ არის.
„ლაგი კაპიტალი“ წარსულში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას სიძის, ყოფილ ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა და 2023 წელს მოიგო 20-მილიონიანი ტენდერი შიდა ქართლში 4 სკოლის შენობების პროექტირება/მშენებლობაზე. შარშან ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ მისი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან და „ლაგი კაპიტალი“ ძმებ ალეკო და ბესო ბერძენიშვილებს მიჰყიდეს. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად კი 2023 ალექსანდრე ამისულაშვილმა 50-%-იანი წილი უსასყიდლოდ დათმო. ალექსანდრე ამისულაშვილამდე ამ 50%-იან წილს მისი ცოლი ნინი ზარქუა ფლობდა.
