“ზარალამ” აღარ ჩათვალა ამ არხის არსებობა გამართლებულად. მიზეზის სულ რამდენიმე ვარიანტი არსებობს” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

იანვრიდან ევრონიუს საქართველო იხურება. ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრეს თანამშრომლებს, რომლებიც უმუშევრად რჩებიან. არ ვიცი სიტყვის თავისუფლების მხრივ რა დოზით ქონდა წვლილი ამ არხს საერთო სივრცეში, არ ვიყავი მისი მაყურებელი, მაგრამ მინიმუმ რუს/ქოცური პროპაგანდით რომ ვერ იქნებოდა პირდაპირ დაკავებული, მაგის მჯერა, იმიტომ რომ საერთაშორისო ევრონიუსის ნაწილი იყო. ფაქტია, რომ ბიზნესმენმა ზარალამ აღარ ჩათვალა ამ არხის არსებობა გამართლებულად. მიზეზის სულ რამდენიმე ვარიანტი არსებობს. შედეგი კი ის არის, რომ არაქოცპროპაგანდული მედია სივრცე კიდევ დაპატარავდება. ისედაც უკვე დრამატულად არის შემცირებული და ძალიან ცუდ ზღვარს მივუახლოვდით.

ცნობისთვის, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე “ზარალა” 6 ივლისსს დააკავეს,  პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებოდა, 7 ივლისს კი, 70 000 ლარიანი გირაო დააკისრეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ბრალი, რომელსაც გიორგი რამიშვილს ედავებიან, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გიორგი რამიშვილი „სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელია. ასევე „ევრონიუს-ჯორჯიას“ დამფუძნებელი კომპანიის – „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა.

გიორგი რამიშვილის სახელს  წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ბიზნესპროექტი უკავშირდება, მათ შორის, ყველაზე ცნობილი ტრამპ თაუერის მშენებლობა, ასევე, 16 სასტუმროს მშენებლობა აჭარის სანაპირო ზოლში.

მისი სახელი 2018 წელს სპორტის მაშინდელი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სკანდალის შემდეგაც გამოჩნდა. მაშინ ითქვა, რომ ისინი კონფლიქტის შემდეგ გიორგი რამიშვილმა შეარიგა, რომელიც ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა.