„ზანგეზურის დერეფნის გახსნით, სომხეთი ხდება სატრანზიტო ქვეყანა, ეს მისი აუხდენელი ოცნებაც კი იყო“, – ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა “ბიზნესპრესნიუსთან”ისაუბრა.
მანამდე, „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა იუჯინ ჟუკოვმა „ინტერპრესნიუსთან“ სატრანზიტო დერეფნების დივერსიფიცირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს დივერსიფიცირებულ და განვითარებულ სატრანზიტო დერეფნებს. შესაბამისად, ჟუკოვმა აღნიშნა, რომ ზანგეზურის დერეფნის ნაწილში მათი მხრიდან მხარეებთან თანამშრომლობის მზაობაა, პარალელურად კი შუა დერეფნის მხარდაჭერაც გაგრძელდება.
თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ თუ რეგიონში სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა იქნება, შუა დერეფანი ტვირთების ძალიან დიდ ნაწილს შეინარჩუნებს.
აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება პაატა ცაგარეიშვილი. მისი თქმით, თუ ზანგეზურის დერეფნის პროექტი განხორციელდება, შუა დერეფანი მნიშვნელოვანი მოცულობის ტვირთებს დაკარგავს.
“მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით საქართველო ტვირთებს არ დაკარგავს. მეტიც, ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი მოცულობის ტვირთების ნაკადი. აქ მარტო სატრანზიტო ტვირთებზე არ არის საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნით, სომხეთი ხდება სატრანზიტო ქვეყანა, ეს მისი აუხდენელი ოცნებაც კი იყო. ამას ემატება ის, რომ სომხეთს გააჩნია საკუთარი ისეთი ტვირთები (სამთო გამამდიდრებელი მოპოვებითი წარმოების მიმართულებით), რომლის მიზიდულობის ადგილი არის ჩინეთი. შესაბამისად, სომხეთის საექსპორტო პროდუქციის გატანის ერთ-ერთი კარგი ვარიანტი (დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი ნავსადგურებით მიდის ყველანაირი ტვირთი) ზანგეზურის დერეფანი იქნება. ანუ, იქით მხარეს მოექცევა. არ გამოვრიცხავ, რომ ხორბლის დიდი ნაკადიც, ყაზახეთიდან თურქეთში ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში, იქით წავიდეს.
მე ფიქრობ, რომ „ზანგეზური“ ტვირთებს ნამდვილად წაგვართმევს და დააზარალებს ჩვენს ნავსადგურებსაც. თუმცა, კონკრეტულად რა მოცულობებს და ამასთან როგორ შეიძლება ტვირთების შენარჩუნება, ამაზე საუბარი ცოტა ნაადრევად მიმაჩნია. ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ პროექტის ბედი საბოლოოდ არ გადაწყდება“,- ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
www.bpn.ge
