ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება რეგიონში ტვითნაკადების ახლებურ გადანაწილებას გამოიწვევს – TCRT
აზერბაიჯანის და თურქეთის მისწრაფების მიუხედავად, განავითარონ ზანგეზურის დერეფანი, არსებობს რიგი ხელის შემშლელი ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა დააბრკოლოს დერეფნის ერთიანი კარკასის ჩამოყალიბება, რაც პირველ რიგში პროექტის განხორციელების სინქრონიზაციის დარღვევას და დროში გაჭიანურებას უკავშირდება, – ამის შესახებ “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” მიმოხილვას აქვეყნებს.
კერძოდ, ხომ არ ყალიბდება საქართველოს გვერდის ავლით აზიის ევროპასთან დამაკავშირებელი, ახალი ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფანი? ხომ არ გამოიწვევს საქართველოს რკინიგზის, ნავსადგურების და ბაქო – თბილისი – ყარსის განშტოებიდან გარკვეული ტვირთნაკადების ზანგეზურის დერეფნის მიმართულებით გადართვას? ხომ არ იმოქმედებს ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილებაზე და რა როლი ექნება ასეთ გადანაწილებაში – საქართველოს?
აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულებული ყარაბახის ომი სომხეთის მხარეს ავალდებულებს, უზრუნველყოს ნახიჩევანის ტერიტორიაზე ტრანსპორტის და ტვირთების გატარება. ორგანიზაციის შეფასებით, ფაქტობრივად სომხეთი ვალდებულია ნახიჩევანისთვის სატრანსპორტო ბლოკადა მოხსნას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნახიჩევანის გავლით, ახალი ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით, ყველაზე მოგებული აზერბაიჯანი გამოდის, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, მას ეძლევა ნებისმიერი ტვირთნაკადის დივერსიფიცირების შესაძლებლობა, კერძოდ შეეძლება მისთვის მისაღები სატარიფო ინსტრუმენტების გამოყენებით, ტვირთნაკადი თავისი ტერიტორიის გავლით, მიმართოს შუა ან ზანგეზურის დერეფნით.
“სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში” მიაჩნიათ, რომ აზერბაიჯანი ახალ დერეფანს განიხილავს არა როგორც შუა დერეფნის ალტერნატივას, არამედ როგორ ურთიერთს შემავსებელ დერეფანს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება თურქეთისთვის, რადგანაც როგორც შუა დერეფნის ბაქო – თბილისი – ყარსის განშტოების, ასევე ზანგეზურის დერეფნის ექსპლუატაციაში გაშვების შემთხვევაში, ტვირთების საბოლოო თავმოყრა მოხდება ყარსის სადგურში. რის შემდეგ თურქეთს შეეძლება ყარსში კონსოლიდირებული ნაკადი ევროპის მიმართულებით მიმართოს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ზანგეზურის მარშრუტის ამოქმედება, მოგებიანია სომხეთისთვისაც, რადგანაც სომხეთი სატრანზიტო ქვეყნად იქცევა.
„ზანგეზურის დერეფნის გახსნა სომხეთს მნიშვნელოვან სარგებელს ჰპირდება. ქვეყანას ექნება შანსი გახდეს საერთაშორისო ტრანზიტის ნაწილი, დაამყაროს სარკინიგზო კავშირები ირანთან და ასევე აზერბაიჯანის გავლით შეიძინოს უსაფრთხო სახმელეთო კავშირი რუსეთის მიმართულებით.
ეს უკანასკნელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის მაღალი მოცულობის გათვალისწინებით, სომხეთს, საქართველოს მარშრუტთან ერთად გაუჩნდება რუსეთთან დამაკავშირებელი ალტერნატივა”, – ვკითხულობთ მიმოხილვაში.
საქართველოს თავის მხრივ დაკარგავს ნავსადგურების და რკინიგზის გამოყენებით რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ნავთოპროდუქტების ძირითად ტრანზიტს. გარდა ამისა, საავტომობილო ნაკადის რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში გადაზიდვის ალტერნატივის პირობებში, ფინანსურ მიმზიდველობას დაკარგავს 1.2 მილიარდი დოლარით, საქართველოს მიერ დაფინანსებული საქართველო – რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალის და ყაზბეგი – ლარსის გვირაბის მშენებლობის პროექტი.
„ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება ეკონომიკურად დააზარალებს მხოლოდ საქართველოს. საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომლისთვისაც ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება, გამოიწვევს საქართველოს რკინიგზის, ნავსადგურების და ბაქო – თბილისი – ყარსის განშტოებიდან ტვირთნაკადების ახალი მიმართულებით გადართვას. საქართველოს ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების შედეგად ტვირთნაკადების დაკარგვის საშიშროება, უახლოეს ხუთ წელიწადში არ ემუქრება. ამიტომ მიმდინარე ეტაპზე, ქვეყნის პირველი რიგის ამოცანას, საქართველოს მონაკვეთზე მდგრადი და უსაფრთხო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება უნდა წარმოადგენდეს”, – წერია “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” კვლევაში.
