„ზანგეზურის დერეფანი“ ჩვენთვის არის „მაშველი რგოლი“, შესაძლებლობა განვითარებისთვის – გამოვიყენებთ ჭკვიანურად, გავხდებით საჭირო ყველასთვის, ვერ გამოვიყენებთ – საკუთარ თავს დავაბრალოთ!” – ასე ეხმაურება სარკინიგზო საკითხების სპეციალისტი, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი, დავით გოჩავა, ფაშინიანი-ალიევი-ტრამპის სამშვიდობო შეთანხმებას.
მისი აზრით, გეოპოლიტიკური შედეგი ერთობლივი დეკლარაციისა ამერიკას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იყო ცოტა ხნის წინ და ის მოსკოვის მარცხს მოასწავებს რეგიონში, თუმცა ეს ჯერ ბოლომდე არაა გარკვეული, რადგან, გოჩავად თქმით, “ზანგეზურის დერეფნის” ამერიკელებისთვის იჯარით გადაცემის შესახებ ერთობლივ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი – ჯერ მისი განვითარებისთვის ე.წ. framework უნდა შემუშავდეს და შემდეგ გაირკვევა ვინ რა წვლილს შეიტანს ამ განვითარებაში.
მაგრამ ჩემთვის მაინც გაუგებარია იმაზე ვიშ-ვიში, – მორჩა, ვკარგავთ სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციასო!
ვაჭრობის ცენტრალური ადგილია ნებისმიერი ქვეყნისთვის ზღვაზე გასასვლელის გაჭრა. ჩვენ ეს ბუნებრივად გვაქვს. ჩვენი პორტები ცენტრალური აზიის ქვეყნების საზღვაო კარიბჭეებია. იგივე ფუნქციებს მიიღებენ თურქეთის საზღვაო პორტები “ტრამპის დერეფნის” ამოქმედების შემთხვევაში, კი, ბატონო.
ჩინეთს სპეციალურად არ ვახსენებ – არ ვართ მისი ტვირთებისთვის ჩვენ ძირითადი სატრანზიტო მარშრუტი და ვერც გავხდებით, ვერასდროს.მაგრამ, კარგი, დავუშვათ “ჩრდილოეთის დერეფანი” დაიკეტა რაღაც მიზეზებით, ან ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან საექსპორტო ტვირთნაკადის მოცულობა გაიზარდა სოლიდურად. რა, საქართველოს სატრანსპორტო სისტემა გაატარებს ამ ტვირთნაკადებს?! – გამორიცხულია, ვერ გაატარებს!
ნებისმიერ სატრანსპორტო ხაზს აქვს მაქსიმალური გაზიდვის უნარი – ტვირთის რაოდენობა, რომლის გადაზიდვასაც შეძლებს სარკინიგზო ხაზი დღე-ღამეში, ექსპლუატაციაში არსებული მოძრავი შემადგენლობის პირობებში.აბსოლუტურად არ ვართ მზად ცენტრალური აზიიდან ტვირთნაკადების სრული მოცულობით მომსახურებისთვის.
გვინდა, ძალიან გვინდა საფეხბურთო კლუბების წარმატება ევროპულ ტურნირებში, მაგრამ ყველა გუნდი გამოვარდა დასაწყისშივე! – გამოვარდა იმიტომ, რომ არ ვართ მზად! ჩვენ გვინდა არ დავხარჯოთ, არ ვიშრომოთ, არ მოვემზადოთ და ისე შევასრულოთ ევროპასა და აზიას შორის მაკავშირებელი დერეფნის ფუნქცია. როგორ?რანაირად?
წადით, შეხედეთ, რას ჰგავს „საქართველოს რკინიგზა“!
„ზანგეზურის დერეფანი“ ჩვენთვის არის „მაშველი რგოლი“, შესაძლებლობა განვითარებისთვის – გამოვიყენებთ ჭკვიანურად, გავხდებით საჭირო ყველასთვის, ვერ გამოვიყენებთ – საკუთარ თავს დავაბრალოთ!,” – წერს გოჩავა სოც.ქსელში.
