“ზამთრის სეზონზე ფასების 40%-ით შემცირება მოგვიწია”, – ამის შესახებ BM.GE-სთან ყაზბეგში მდებარე სასტუმრო Step Inn-ის დამფუძნებელმა, ანი ალიბეგაშვილმა, ისაუბრა.
მისი თქმით, ზამთრის სეზონი ყაზბეგისთვის ხშირად დაბალი დატვირთვით ხასიათდება, თუმცა ახალი წლის პერიოდში, დაახლოებით 25 დეკემბრიდან იანვრის 10-მდე, ინტერესი ყოველთვის მაღალია. ალიბეგაშვილის ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ფასები, საუზმის ჩათვლით, ამჟამად 180–250 ლარს შორის მერყეობს, რაც დაახლოებით 40%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
“ახალი წლის დღეებმა მაღალი დატვირთვით ჩაიარა, თუმცა ფასების კორექტირება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომელმაც დატვირთულობა გაზარდა. მიმდინარე წელს, ყველაზე დაბალი ფასები გვქონდა წინა წლებთან შედარებით, რამაც შედეგი გამოიღო და აღნიშნული დღეები 90%-იანი დატვირთვით გავატარეთ”, – ამბობს ალიბეგაშვილი.
მისი თქმით, ზამთრის პერიოდში მთაში მდებარე მსგავსი ტიპის ბიზნესებს ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან კომუნალური გადასახადები ორჯერ ან სამჯერ აღემატება ჩვეულებრივ მაჩვენებელს. ფასების შემცირება ხშირად ფინანსურ გამოწვევას ქმნის, თუმცა მაღალი დატვირთვის შემთხვევაში, დამატებითი სახსრების გამოყენება თანამშრომლების შენარჩუნებისთვის საჭირო არ ხდება.
„მოცემულ პერიოდში მოგებაზე საუბარი რთულია, მთავარი მიზანი თანამშრომლების შენარჩუნებაა. სეზონური ბიზნესისთვის სტაბილური პერსონალი უმნიშვნელოვანესია, რადგან სხვაგვარად გადინების პრობლემა დგება“, – განმარტავს ალიბეგაშვილი.
მისივე თქმით, ზამთრის პერიოდში დაახლოებით 60% სასტუმროებისა, საოჯახო სასტუმროების და კოტეჯების არ მუშაობს, რაც პირდაპირ ზემოქმედებს მთლიანი დატვირთულობის მაჩვენებელზე. გარდა ამისა, რეგიონში ინფრასტრუქტურული გამოწვევებიც არსებობს – გზების ჩაკეტვა, წყლის გაყინვა და ელექტროგადამცემი სისტემების პრობლემები სტუმრებისთვის გადაადგილებას ართულებს.
ალიბეგაშვილი აღნიშნავს, რომ ყაზბეგ-კობი გვირაბის გახსნის შემდეგ, რომლის გახსნაც რამდენჯერმე გადაიდო, ყაზბეგი 12-თვიანი კურორტი გახდება, რაც მნიშვნელოვნად გაუმარტივებს როგორც ყაზბეგში ჩამოსული დამსვენებლების, ისე გუდაურის მიმართულებით გადაადგილებას.
“გზის ჩაკეტვა მნიშვნელოვანწილად ზღუდავს უცხოელი სტუმრების გადაადგილებას ყაზბეგში. თუ გონდოლები არ მუშაობენ, მათ ხშირად ფრენების გადადება უწევთ. ამიტომ სასტუმროში დაჯავშნისას წინასწარ ვაწვდით ინფორმაციას შესაძლო გზის ჩაკეტვაზე, რათა ვიზიტის დაგეგმვა სწორად მოხდეს. ველოდებით ყაზბეგ-კობი გვირაბის გახსნას, რომელიც ქალაქს 12-თვიან კურორტად გარდაქცევს და მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს დამსვენებლების და გუდაურის მიმართულების გადაადგილებას. გვირაბის დასრულება მომდევნო წელს იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია”, – განმარტავს ალიბეგაშვილი.




