უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ მათმა ძალებმა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური დაზვერვისა და სამეთაური დანიშნულების თვითმფრინავი А-50-ი ჩამოაგდეს.
ზალუჟნი ადასტურებს საჰაერო-სამეთაურო პუნქტი Ил-22-ის ჩამოგდებასაც.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სამხედროებმა გაანადგურეს მტრის А-50-ის ტიპის შორ მანძილზე რადიოლოკაციური ძებნის დანიშნულების თვითმფრინავი და საჰაერო მართვის პუნქტი, თვითმფრინავი Ил-22. მადლობა საჰაერო ძალებს აზოვის რეგიონში შესანიშნავად დაგეგმილი და შესრულებული ოპერაციისთვის”. – წერს ზალუჟნი საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
აქამდე მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვის თავზე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 ჩამოაგდეს.
ცნობა თავდაპირველად ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. შემდეგ ინფორმაცია დააზუსტა მედია РБК-Украина-მ, რომლის წყაროც სამხედრო პირი იყო. ცნობა გაავრცელა კიდევ ერთმა უკრაინულმა მედიამ, Громадське-მ, დაზვერვის მთავარი სამმართველოს წყაროზე დაყრდნობით.
მედიის მიხედვით, А-50-ის ჩამოგდების გარდა, დააზიანეს თვითმფრინავი Ил-22М-იც, რომლის პილოტმა, ცნობების მიხედვით, ანაპის აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა.
უკრაინული მედიები წერენ, რომ ორივე თვითმფრინავზე იერიში მიიტანეს ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 21:00-ზე, როცა ისინი სამხედრო დავალების შესაბამისად აფრინდნენ. РБК-Украина-ს ცნობით, А-50 რადარებიდან გაქრა და საკუთარი ტაქტიკური ავიაციის ჯგუფს არ პასუხობდა, ხოლო შემდეგ რუსული ავიაგამანადგურებელი Су-30-ის პილოტმა დააფიქსირა “დაუდგენელი საჰაერო ხომალდის ჩამოვარდნა”.
А-50 არის რადიოლოკაციური დაზვერვისთვისა და მართვისთვის განკუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ბომბდამშენებს სამიზნეებს უსწორებს. მისი ღირებულება 300 მილიონ დოლარს აღემატება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.