Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მასზე თავდასხმის შემდეგ წარმოჩენილ სულისკვეთებას “მაგარი” უწოდა, მაგრამ დაამატა, რომ საჯაროდ მხარდაჭერას არცერთ კანდიდატს არ უცხადებს.
ამის შესახებ ზაკერბერგმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“წარსულში გამიკეთებია რაღაცები, რის გაკეთებასაც ამჯერად არ ვგეგმავ, მათ შორის, რომელიმე კანდიდატისთვის საჯაროდ მხარის დაჭერას არ ვაპირებ.
ნახეთ, რა თქმა უნდა, ბოლო კვირაში მსოფლიოში ძალიან ბევრი სიგიჟე, ისტორიული მოვლენა ხდება. ჩემთვის პირადად, დონალდ ტრამპი რომ სროლის შემდეგ ადგა და მუშტი აშშ-ს დროშის ფონზე ჰაერში აწია, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რაღაცაა, რაც ცხოვრებაში მინახავს”. – თქვა ზაკერბერგმა.
ზაკერბერგის თქმით, ვარაუდობს, რომ მრავალი ამერიკელი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს სწორედ ამ სულისკვეთების გამო უჭერს მხარს.
“ნახეთ, რაღაც დონეზე, როგორც ამერიკელი, რთულია, ამ სულისკვეთებისა და ბრძოლის მიმართ ემოციურად არ განეწყო. მგონი, ბევრს სწორედ ამიტომ მოსწონს ეს კაცი”. – თქვა ზაკერბერგმა.
13 ივლისის საღამოს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღით მისი მკვლელობა სცადეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ადგომის შემდეგ ტრამპმა ჰაერში მუშტი აწია.
ვიდეოში ასევე ჩანს, რომ სცენიდან გაყვანის დროს მას სახის არეში სისხლი მოსდის.
მკვლელობის მცდელობიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი “განეიტრალებული” იყო.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. FBI-ის ცნობით, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია.