არაერთი მაგალითი გვინახავს ამ წლების განმავლობაში, რასაც ჩვენ ბორდერიზაციას ვეძახდით და ერთადერთი შემთხვევაა, უპრეცედენტო, როდესაც საქართველოს ბოლო 30-წლიანი ისტორიის პერიოდში ქართულმა სახელმწიფომ დაიცვა თავის მიწა-წყალი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით განაცხადა.
თავაძის თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორც ყველა საჭირო უწყება, ისე ევრომონიტორები იყვნენ ჩართული.
„ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც გრძელდებოდა მცოცავი ოკუპაცია. არაერთი მაგალითი გვინახავს ამ წლების განმავლობაში, რასაც ჩვენ ბორდერიზაციას ვეძახდით და ერთადერთი შემთხვევაა, უპრეცედენტო, როდესაც საქართველოს ბოლო 30-წლიანი ისტორიის პერიოდში ქართულმა სახელმწიფომ დაიცვა თავის მიწა-წყალი და მოხდა ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვა ისე, რომ არავის თმის ერთი ღერი არ ჩამოვარდნია და არავინ ამაში არ დაზარალებულა. როგორც „ოცნების“ ნარატივი ჩვენ გველაპარაკება, რაღაც მილიონი კვადრატული კილომეტრიო, იქ არაფერი არ შეცვლილა, საოკუპაციო ხაზი არავის არსად არ გადაუტანია. ერთადერთი, ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაცვა მოახდინა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, როდესაც ჩაიდგა ის საგუშაგო.
მეორე მომენტი აქვთ შემოსადავებლად, რომ ეს თითქოს არავისთან შეუთანხმებია გიორგი გახარიას თავის დროზე, რაც აბსურდია იმიტომ, რომ აქ, როგორც სუსი, ისე სხვა უწყებები – თავდაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები – ყველა ჩართული იყო, შესაბამისად, მარტო გახარია ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა და არ მიუღია. ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე, ჩართულები იყვნენ ევრომონიტორები, აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ეს არ მოეწონა ოკუპანტ მხარეს, ეს არ მოეწონათ სეპარატისტებს და მათ გამოთქვეს პრეტენზია.
ეს, იცით, რისი მცდელობაა? ნებისმიერი დავალება, რაც არ უნდა მიიღოს პროკურორმა და გამომძიებელმა, ის ხომ თავის თავს დარტყმის წინაშე არ დააყენებს, ამიტომ არის, რომ ახლა გახარიაც და სხვებიც მეორედ დაიბარეს ამ ე.წ. კომისიაზე, ანუ პროკურატურა ელოდება იმას, რომ არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოხდეს ბრალის ფორმულირება და უნდათ, რომ დამატებითი მტკიცებულებები მიიღონ ამ დამატებითი დაბარებების საფუძველზე“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.