არსებობს ცალკეული საკითხები, სადაც ოპოზიციას საერთო გადაკვეთები გვაქვს, მაგალითად, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება და მისი ევროინტეგრაციის პროცესი, დანარჩენ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს – დაველოდოთ, იქნებ მომავალში გამოჩნდეს სხვა შესახები წერტილები, მაგრამ ახლა ამას ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ოპოზიციური პარტიების ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თავაძე აღნიშნავს, მათ პარტიას „საკუთარი პოლიტიკური გემოვნება და იდენტობა“ აქვს.
„არსებობს ცალკეული საკითხები, სადაც გვაქვს საერთო გადაკვეთები, საერთო შეხების წერტილები, რაც არის მაგალითად, საქართველოს კვლავ დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება, მისი ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც 28 ნოემბერს „ოცნებამ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად, შეაჩერა. ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გადაკვეთის წერტილები გვაქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მხრივ ურთიერთობასა და თანამშრომლობას გავაგრძელებთ. მოგეხსნებათ, რომ ეს არის პრეზიდენტის ფორმატი. დანარჩენ საკითხებზე ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები. გვაქვს ჩვენი პოლიტიკური გემოვნება, იდენტობა, რომელიც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანხვედრაში არ იყო და ამაზე მეტყველებს ის, რომ დანარჩენი სამი ოპოზიციური სუბიექტი წარმოდგენილია კოალიციების სახით და ჩვენ არც ერთ კოალიციაში არ შევდიოდით არჩევნებამდე და არც ამ გადმოსახედიდან ვაპირებთ“,- განაცხადა ზაზა თავაძემ.
ამავე თემაზე საუბრისას, თავაძემ აღნიშნა, რომ ვხედავთ „უსაფუძვლო ბრალდებებს“.
„დაველოდოთ მოვლენებს, რა იქნება და როგორ. იქნებ მომავალში გამოჩნდეს სხვა შესახები წერტილები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ახლა, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. პირიქით უსაფუძვლო ბრალდებებსა და არასწორი მიმართულებით ცეცხლის გახსნას ვხედავთ“,- აღნიშნა თავაძემ.
გარდა ამ თემისა, თავაძემ ისაუბრა პარლამენტის მიერ 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებაც. რაც შეეხება, მათი პოლიტიკური პარტიის პოზიციას მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, თავაძემ აღნიშნა, რომ ეს თემა „ძველი და ჭიქაში ხელოვნურად ატეხილი ქარიშხალია“.
„ეს ძველი თემა და ჭიქაში ხელოვნურად ატეხილი ქარიშხალია. თუ გავყოფთ ამ საკითხს როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად, ის არგუმენტი, რაც ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს და არა მარტო მათ აქვთ მოყვანილი, მაგალითად კონსტიტუციიდან, საარჩევნო კოდექსიდან ან თუნდაც რეგლამენტიდან, მათი ეს არგუმენტები ასე არ იკითხება. 100 მანდატთან დაკავშირებით როდესაც აპელირებენ, თუ 100 მანდატი არ იქნება ე.წ. პარლამენტში, მაშინ „ოცნებას ლეგიტიმაცია არ ექნება. კითხვას ვსვამ – როდესაც 49 დეპუტატს ივანიშვილის „ოცნებამ“ ივანიშვილის პარლამენტის უფლებამოსილება შეუწყვიტა, მანამდე ლეგიტიმური იყო პარლამენტი? რა თქმა უნდა, არა, არც მანამდე და არც უფრო მანამდე. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ძალა, თუ ყველაზე პირველი არა, რომელმაც 27 ოქტომბერს განვაცხადეთ, რომ ივანიშვილმა ეს არჩევნები გააყალბა და ქართველი ხალხის ნება მიიტაცა. შესაბამისად, ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევდით, ვთქვით ასე. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ“,- განაცხადა თავაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ბიუჯეტიდან პარტიის დაფინანსება ხელისუფლების „ლეგიტიმაციასთან არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად მიბმული არ არის“.
„ჩვენ პარლამენტში არ ვართ. ამ მანდატებს არ ვაღიარებთ, არ არსებობს. რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსება ლეგიტიმაციასთან მიბმული საერთოდ არ არის, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად. ეს დაფინანსება არის იმის შედეგი, რაც ჩვენმა მხარდაჭერებმა დაგვიჭირეს მხარი. შესაბამისად, ეს დაფინანსება ამის მიხედვით გვეკუთვნოდა. ამის ალტერნატივა არის ან ოლიგარქი, რომელიც ჩვენ არ გვყავს, ან კიდევ სხვა წყაროები, „შავი ფული“, რისი გაკეთებაც თუ გვინდოდა, გაცილებით ადრე გავაკეთებდით. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური ძალა კვლავ რომ იყოს პოლიტიკურ ველზე და ოპერირება შეძლოს, ამისთვის ლეგიტიმური დაფინანსება აუცილებელია“,- აღნიშნა თავაძემ.
