ზაზა თავაძე – სასაცილოა, რომ „ოცნების“ რეჟიმს 20 ივნისთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან აქვს კითხვები, შეკითხვები თავიანთ რიგებში უნდა ეძებონ

ჩვენს გუნდში, ცალკეული წევრები ვფიქრობთ, რომ ე.წ. კომისიაში მისვლა, იქ მათი პირდაპირი მხილება, საზოგადოებისთვის სრული სიმართლის ჩვენებით, ამ კომისიას, ფაქტობრივად, დაუკარგავდა ფუნქციონირების მორალურ უფლებასაც კი, – ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ზაზა თავაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
თავაძის თქმით, მივა თუ არა გახარია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ეს მისი გადასაწყვეტია.
“გიორგი გახარიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მივა თუ არა ამ ე.წ. კომისიაზე, მოდით, მას დავუტოვოთ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ვფიქრობ, რომ ეს, ცალსახად, ინდივიდუალური საკითხია, იმდენად, რამდენადაც რამდენიმე დღეა, სხვა ამ ე.წ. კომისიაზე გამოცხადებულ პირებთან დაკავშირებით იყო განსხვავებული აზრები, მაგალითად, ზოგი ამბობდა, რომ ამ კომისიაზე მისვლა, ყველაფრის მათთვის ახსნა, რომ ისინი არიან არალეგიტიმურები, არაკონსტიტუციურად შექმნილი არალეგიტიმურ პარლამენტში და, შესაბამისად, ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ შოუს დადგმას და ამ ძირითადი პოლიტიკური კრიზისიდან, რასაც ჰქვია პოლიტპატიმრები, რასაც ჰქვია ს მიტაცება, “ოცნების” რეჟიმად ჩამოყალიბება, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა – ეს როგორმე გადაიფაროს და მეორენი ამბობდნენ, რომ ამ კომისიაზე მისვლა ე.წ. კომისიას ლეგიტიმურობას შესძენდა.
ჩვენს გუნდში, ცალკეული წევრები ვფიქრობთ, რომ ე.წ. კომისიაზე მისვლა, იქ მათი პირდაპირი მხილება, როდესაც ისინი სანახევრო სიმართლეს ამბობენ საზოგადოების წინაშე, რაც მათ, თითქოს, პოზიტივს მოუტანს, შესაბამისად, იქ მისვლით, მათი მხილებით, საზოგადოებისთვის სრული სიმართლის ჩვენებით ამ კომისიას, ფაქტობრივად, დაუკარგავდა ფუნქციონირების მორალურ უფლებასაც კი.
მე, მაგალითად, ამ პარტიის ერთი წარმომადგენელი, ერთი აღებული მოქალაქე ვფიქრობ, რომ ამ კომისიაზე მისვლა, მათი მხილება, მათი არალეგიტიმურობის ხაზის გასმა ბოლომდე სიმართლის თქმა, მგონია, რომ არის სწორი, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით ფიქრობენ.
ეს არის ცალსახად ინდივიდუალური საკითხი და რას გადაწყვეტს გიორგი გახარია, ამას ვნახავთ ორ-სამ დღეში”, – განაცხადა თავაძემ.
კითხვაზე, როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ 2019 წლის 20 ივნისი, გახარიას თანაგუნდელმა უპასუხა, რომ სასაცილოა ის ფაქტი, რომ “ქართულ ოცნებას” გიორგი გახარიასთან აქვს შეკითხვები ამ მოვლენებზე.
თავაძის თქმით, 20 ივნისზე შეკითხვები “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ გუნდში უნდა დასვას.
“მე მოვერიდებოდი “ქართული ოცნების” მხრიდან ამ ტერმინის, რასაც ღალატი ჰქვია, ასე ხელაღებით გამოყენებას და რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს – ჩვენ თუ გადავხედავთ პრეისტორიას, ისინი ამ ტერმინს იყენებდნენ სრულიად გაუაზრებლად, დაუფიქრებლად და იყენებდნენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ. ის კი არა, რომ ვიღაც შეკვეთილად, რაღაც მესიჯბოქსით, რაღაც ნარატივით ამ ტერმინს ხშირად გამოიყენებს, ეს კი არ ამკვიდრებს ამ ტერმინს და ეს კი არ ხდის მას ქმედითს, ამას მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი არქმევს თავის სახელს და ეს რჩება ისტორიულად, რასაც ეს მძიმე სიტყვა – მოღალატე და ღალატი ჰქვია.
ღალატს დღეს თუ ვინმე სჩადის ქართველი ხალხისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ეს არის “ოცნების” რეჟიმი, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს მოჰპარა ევროპული არჩევნები, მოჰპარა კონსტიტუციური ერთ-ერთი მთავარი უფლება და მიიტაცა ხელისუფლება, ამიტომ არიან ისინი არალეგიტიმურები.
ვინ ვის უღალატა? გახარიამ როდესაც ნახა, რომ “ოცნება” თავის ლიდერთან ერთად ღალატობდა ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, გაუქმებული იყო სასამართლო ხელისუფლება, ხელისუფლების ყველა შტოს მორგება ხდებოდა ერთ ადამიანზე, ამიტომ დატოვა ის თანამდებობა და გადადგა, ეს არის ღალატი?
სასაცილოა ისიც, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან აქვს “ოცნების” რეჟიმს შეკითხვები. ეს შეკითხვები უნდა იყოს თვითონ მათთან, მათ რიგებში უნდა ეძებონ ეს შეკითხვები”, – აღნიშნა ზაზა თავაძემ.