რით ვერ დაანებეს ოპოზიციის ოპოზიციონერობას თავი, ჩვენ გვებრძვიან თუ „ოცნებას“? ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები „ოცნების“ წისქვილზე წყალს ასხამენ განცხადებებით და ოპოზიციის ოპოზიციონერობას როდის დაანებებენ თავს? , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „პარტია „ახლის“ წევრ, თენგო თევზაძის განცხადებას, რომ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ ვერ დააკომპლექტეს საარჩევნო უბნები და „28 მუნიციპალიტეტში მხოლოდ „ქოცი“ მერობის კანდიდატია“.
ზაზა თავაძე მოუწოდებს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ „საკუთარი ძალისხმევა მიმართონ „ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ, თუ რეალურად „ოცნების“ რეჟიმის დამარცხება უნდათ“.
ზაზა თავაძის განცხადებით, ოპოზიციის ერთი ნაწილი არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს ებრძვის და ამის მაგალითია ისიც, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე, რეგიონებიდან თბილისში ხალხის მიკროავტობუსებით წაყვანას აპირებენ, რის გამოც ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
„ჩვენი ინფორმაციით, 4 ოქტომბრის აქციაზე, აპირებენ, რომ დასავლეთ საქართველოდან ორგანიზებულად, მიკროავტობუსებით, რეგიონული წარმომადგენლების მეშვეობით, თავიანთი მხარდამჭერები, ხალხი მიკროავტობუსებში ჩასვან და წამოიყვანონ თბილისში.
როგორ წარმოგიდგენიათ, 7:00 საათზე, რომ მიკროავტობუსებით წამოიყვანენ ხალხს თბილისში, ისინი ხომ ხმას ვეღარ მისცემენ? იმ ადამიანების უმრავლესობა, მერწმუნეთ, არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მიიღებდნენ კიდეც, რომ არა ეს ხელშეშლა. ეს რა არის, თუ არა „ოცნების“ სასარგებლო იდიოტობა ან პირდაპირ გარიგებაში შესვლა. იქეთ მხარეს არიან ასეთ ჩასაფრების პოზიციაში. ერთნი პირდაპირ იბრძვიან ჩვენს წინააღმდეგ, როგორც განცხადებებით, ასევე ქმედებებით და მეორენი არიან, რომლებიც გვერდიდან უყურებენ ამას და ხელებს იფშვნეტენ, რომ 4 ოქტომბერს „იქნებ წაიქცნენ“, გაიცინონ და გაუხარდეთ“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.
ზაზა თავაძემ გადაცემაში ეუთო/ ოდირის სადამკვირვებლო მისიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოწვევა მხოლოდ მას შემდეგ გაგზავნა, როდესაც დარწმუნდა რომ უკვე შეუძლებელი იყო სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლა.
თავაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას აპირებს და სწორედ ამასთანაა დაკავშირებული ეუთო/ოდირის მოწვევის დაგვიანება.
„მათი ფორმალური მოწვევა ფაქტობრივად მოხდა მაშინ, როცა შეუძლებელი იყო ეუთო/ოდირის მისიის საქართველოში ჩამოსვლა და არჩევნებზე დაკვირვება. ეს „ოცნების“ მზაკვრული ჩანაფიქრი იყო ზუსტად იმიტომ, რომ მათ როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გააყალბეს არჩევნები და მიიტაცეს ხელისუფლება, ზუსტად ანალოგიური ჩანაფიქრი აქვთ ახლაც და ამის მცდელობა ექნებათ. მღვრიე წყალში რომ თევზი კარგი იჭირება, ამათ ამის გამოცდილება აქვთ. ობიექტური დამკვირვებელი, როგორიც შესაძლოა, ყოფილიყვნენ ეუთო/ოდირის წარმომადგენლები, არ აწყობდათ, ამიტომ მაქსიმალურად გაწელეს პროცესი“, – განაცხად ზაზა თავაძემ.
