ზაზა თავაძე – კორუფციული ბრალდებები გახარიას მიმართ სასაცილოა – “ოცნებაში” კორუფციასთან ბრძოლა დაიწყონ საკუთარი თავიდან, ერთმანეთს რომ ხოცავენ მოპარული ფულისთვის

კორუფციული ბრალდებები გახარიას მიმართ სასაცილოა – კორუფციასთან ბრძოლა დაიწყონ საკუთარი თავიდან, ერთმანეთს რომ ხოცავენ მოპარული ფულის გულისთვის, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზაზა თავაძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება გიორგი გახარიას შესახებ კორუფციის ბრალდებებს.
როგორც ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობას თუ ვინმე ახსოვს სუფთა, არაკორუფციული და გამჭვირვალე მმართველობით, პრემიერი, ეს იყო გიორგი გახარია.
“„ოცნებას“ არ აქვს იმის რესურსი, რომ გახარია დაიჭიროს. რაც შეეხება კორუფციული ბრალდებების გაჟღერებას „ოცნების“ პროპაგანდის მიერ, ეს სასაცილოა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გიორგი გახარია სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, ის იყო ბიზნესში და თავისი შრომით ჰქონდა შექმნილი ეს ყველაფერი. შესაბამისად ჰქონდა ის ფინანსური შესაძლებლობა, რითაც შეიძლება თუნდაც ეს ქონება შეეძინა.
რომელი „ოცნება“ ლაპარაკობს გიორგი გახარიაზე და რომელი „ოცნების“ წევრები ლაპარაკობენ კორუფციაზე? საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმაა – ამ სტილშია იმიტომ, რომ თუ საქართველოს მოსახლეობას ვინმე ახსოვს სუფთა, არაკორუფციული, გამჭვირვალე მმართველობით, პრემიერი, ეს იყო გიორგი გახარია. „ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელმაც მოპარული ფულის გულისთვის რიჟვაძე ლამის გადაიყოლეს, ბურჭულაძე ციხეში გაუშვეს“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.
რაც შეეხება პარტიის სამომავლო გეგმებს და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, ზაზა თავაძის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის” გადადგამს მხოლოდ კონსტიტუციურ ნაბიჯებს და არ შეუერთდება რადიკალიზაციას.
„ჩვენ რადიკალიზაციას არ შევუერთდებით, ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოებში. გამოვიყენებთ ნებისმიერ ლეგიტიმურ საშუალებას „ოცნების“ რეჟიმის შესასუსტებლად და საბოლოოდ დასამარცხებლად.
რევოლუციები ასე დედლაინების განსაზღვრით არ ხდება. რევოლუცია მოხდა ამ ქვეყანაში 2003 წელს და არავინ არ ელოდა კონკრეტულ რიცხვში, კონკრეტულ თარიღში მოხდებოდა ეს ყველაფერი. წინასწარ დედლაინების დაანონსება, მერე ვერ შესრულება, ადამიანებს ფრუსტრაციაში აგდებს და უიმედობას უღვივებს“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.