ზაზა თავაძე – ეს იქნება პირველი მუნიციპალური , რომელიც ეუთო/ოდირის დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება – „ოცნების“ მიზანი არჩევნებზე დამკვირვებლების და ოპოზიციის გარეშე გასვლა და არჩევნებისთვის აზრის დაკარგვაა

ე.წ. ხელისუფლებამ განზრახ დააგვიანა ეუთო/ოდირის მოწვევა, რათა მისიას, ჩამოსვლის შემთხვევაშიც, სრულფასოვანი დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონოდა – „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ აცხადებს, არ დავუთმობთ „ოცნებას“ ძალაუფლებას, ამომრჩევლებს „ოცნების“ რეჟიმთან მარტო არ დავტოვებთ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა თავაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზაზა თავაძის თქმით, ეს იქნება პირველი მუნიციპალური , რომელიც ეუთო/ოდირის და სხვა ანგარიშგასაწევი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება.
„ჩვენი პოლიტიკური ძალის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობამ ,,ოცნება” აიძულა მოეწვია ეუთო/ოდირი. ეს, როგორც ფაქტი, მნიშვნელოვანია, თუმცა ,,ოცნებას” არც ამომრჩეველი და არც თავი უნდა მოვატყუებინოთ, ვინაიდან ,,ოცნების” რეჟიმის მიზანი ეუთო/ოდირისთვის ქმედითი დაკვირვების შესაძლებლობის მიცემა არ არის.
ეს იქნება პირველი მუნიციპალური არჩევნები, რომელიც ეუთო/ოდირის და სხვა ანგარიშგასაწევი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნების“ მიზანი არჩევნებზე დამკვირვებლების და ოპოზიციის გარეშე გასვლა და არჩევნების აზრის დაკარგვაა. „ოცნებამ“ ეუთო/ოდირის დაკვირვება არჩევნებზე მიზანმიმართულად შეზღუდა.
მუნიციპალურ არჩევნებზე ეუთო/ოდირის და სხვა ანგარიშგასაწევ დამკვირვებელთა ყოფნა და მძიმე წინასაარჩევნო გარემოს ადგილზე ნახვა მნიშვნელოვანი იყო არჩევნების სათანადოდ შეფასებისთვის იმის მიუხედავად, რომ „ოცნებამ“, პრაქტიკულად, მოსპო საარჩევნო დარღვევების გამოვლენის შესაძლებლობა.
ე.წ. ხელისუფლებამ, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ უკიდურესად გააუარესა საარჩევნო გარემო და უკვე თვეებია აწარმოებს ამომრჩეველზე სისტემურ ზეწოლას, განზრახ დააგვიანა ეუთო/ოდირის მოწვევა, რათა მისიას, ჩამოსვლის შემთხვევაშიც, სრულფასოვანი დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონოდა.
ეუთო/ოდირის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება და სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არჩევნებამდე პერიოდზე დაკვირვება აუცილებელია. ეს კი „ოცნების“ რეჟიმის ინტერესში არ შედიოდა, „ოცნება“ არჩევნებს არჩევნების დღემდეც აყალბებს. ჩვენი პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ დავუთმობთ „ოცნებას“ ძალაუფლებას, არ დავტოვებთ ამომრჩევლებს „ოცნების“ რეჟიმთან პირისპირ, მარტო“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.
ცნობისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. კერძოდ, ეუთო/ოდირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე, არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დამკვირვებელთა მოწვევა არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის.
როგორც ეუთო/ოდირის დირექტორმა განაცხადა, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოში.