მზია ამაღლობელი იცავდა თავს და პოლიციელი, რომელიც იქცევა პოლიციელის მუნდირისთვის შეუსაბამოდ, მაშინ ის არ არის პოლიციელი და, შესაბამისად, არც მზია ამაღლობელს ჩაუდენია დანაშაული პოლიციელის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
თავაძის თქმით, პოლიციურ სახელმწიფოში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, კანონმდებლობის მოქმედებას ადგილი არ აქვს და ამას მზა ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების საქმეები მოწმობს.
„ჩვენ დღეს ვხედავთ პოლიციური სახელმწიფოს, რომელიც ჩვენს თვალწინ ყალიბდება და რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აყალიბებს. პოლიციურ სახელმწიფოში კონსტიტუციის მოქმედებას, კანონმდებლობის მოქმედებას ადგილი არ აქვს. ზუსტად ეს შემთხვევა გვაქვს ჩვენ როგორც ქალბატონ მზია ამაღლობელთან მიმართებაში, ასევე სხვა პოლიტპატიმრებთან მიმართებაში.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიციელი ხელშეუხებელია, რას ნიშნავს ეს? ანუ როდესაც მზია ამაღლობელი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით, ამ პოლიციელს მისთვის შეურაცხყოფა აქვს მიყენებული, პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელია ჩადენილი.
მზია ამაღლობელი იცავდა თავს და პოლიციელი, რომელიც იქცევა პოლიციელის მუნდირისთვის შეუსაბამოდ, მაშინ ის არ არის პოლიციელი და, შესაბამისად, არც მზია ამაღლობელს ჩაუდენია დანაშაული პოლიციელის წინააღმდეგ”, – განაცხადა ზაზა თავაძემ.