ზაზა ვაშაყმაძემ საიენტოლოგიური ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და საქართველოში საიენტოლოგიური ეკლესიის წარმომადგენლებს, კორნეი გონჩალოვს, ალიონა ვერუხინასა და ნუგზარ ბარდაველიძეს შორის, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საიენტოლოგიურმა ეკლესიამ, სახელმწიფოსთან და რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
„ჩვენ პოლიტიკის მიღმა ვართ, ჩვენთვის მთავარია სულიერი თავისუფლება და საკუთარი თავის გაუმჯობესება, ჩვენ პატივს ვცემთ ტრადიციებს. ჩვენ გვაქვს სოციალური პროექტები, ეთიკური პროგრამები, ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით”, – აღნიშნეს სტუმრებმა.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს სააგენტოს შექმნის მიზნები, ამოცანები და განხორციელებული პროექტები გააცნო, ასევე, ისაუბრა სააგენტოსთან არსებული ინტერ-რელიგიური სათათბიროს შესახებ.
სააგენტოს ცნობით, საიენტოლოგიური ეკლესიის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს გაწევრიანდნენ ინტერელიგიურ სათათბიროში და მონაწილეობა მიიღონ რელიგიის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტში.
„სტუმრებმა, სააგენტოს თავმჯდომარეს საჩუქრად თავიანთი ეკლესიის საქმიანობის ამსახველი ლიტერატურა გადასცეს. ასევე, სტუმრებსაც გადაეცათ რელიგიის სააგენტოს გამოცემები„ოკუპირებული მემკვიდრეობა”, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები” და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.