ქარელში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მეოთხე ვადით ვარ, რომ არა მოსახლეობის სიყვარული და გვერდზე დგომა, ამ დრომდე ვერ მოვიდოდი – დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებ და კიდევ ერთხელ მომეცემა საშუალება, რომ გადავჭრა ყველა საკითხი, რაც მუნიციპალიტეტს აწუხებს
ქარელში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი მეოთხე ვადით ვარ, რომ არა მოსახლეობის სიყვარული, გვერდზე დგომა და პატივისცემა, მოგეხსენებათ, ყველაფერი არჩევითია და ამ დრომდე ვერ მოვიდოდი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ზაზა გულიაშვილმა განაცხადა.
გულიაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ისევ გაიმარჯვებს და მოსახლეობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამოწვევების მოგვარებაზე იზრუნებს.
“რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან თბილი ურთიერთობა და მათი განწყობა ჩემთვის მოტივაციაა, დარწმუნებული ვარ, მათი გვერდზე დგომით და მხარდაჭერით გავიმარჯვებ და მომდევნო ოთხი წელი, კიდევ ერთხელ მომეცემა იმის საშუალება, რომ მათთან ერთად გადავჭრა ყველა საკითხი, რაც მუნიციპალიტეტს აწუხებს და გავაკეთოთ ის, რაც ამ წლების განმავლობაში გასაკეთებელი დაგვრჩა.” – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების საჭიროებებზეა მორგებული, მათ შორისაა საცურაო აუზი.
რაც შეეხება მულტიფუნქციურ სპორტდარბაზს, გულიაშვილის თქმით, მისი მშენებლობის დასრულების შემდეგ, როგორც ადგილობრივ, ისე ჩამოსულ სპორტსმენებს ექნებათ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებისთვის მომზადების და შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
“[საცურაო აუზი] იყო მოსახლეობის პრობლემა, იმიტომ რომ ახალგაზრდებში, ბავშვებში იყო პრობლემები და შემოდიოდა განცხადებები, შეხვედრებზეც იყო საუბარი, რომ უწევდათ ხაშურსა და სხვა მუნიციპალიტეტებში ტარება, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და დავიგეგმეთ ჩვენ წლების წინ და გადავწყვიტეთ, ქარელისთვის გაგვეკეთებინა საცურაო აუზი.
ამ სპორტდარბაზში იფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული წრეები, ეს იქნება კრივის დარბაზი, იქნება საჭიდაო დარბაზი, ფიტნეს კლუბი. ასევე, აქ შენდება სპორტული სასტუმრო, სადაც როგორც ადგილობრივ, ისე ჩამოსულ სპორტსმენებს ექნებათ საშუალება, შეკრება ჩაატარონ, ივარჯიშონ და სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებისთვის მოემზადონ. რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტი იქნება ქარელის მუნიციპალიტეტში, იქიდან გამომდინარე რომ მულტიფუნქციური იქნება, შეგვეძლება შეჯიბრების ჩატარება, ასევე, სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარება.” – განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.
