ზაზა ბურჭულაძის ბლოგ-პოსტი:
„მოკვდა ბნელეთის პრინცი.
აღარ არის მოუსვენარი კაცი.
ოზიმ ახლახან ბოლო კონცერტი ჩაატარა.
ვეღარ იდგა ფეხზე, სავარძელში მჯდარმა იმღერა.
Black Sabbath-ის გარდა, ვინ აღარ უმშვენებდა გვერდს იმ დღეს სცენაზე.
ყველაზე დიდებმა პატივი მიაგეს დიადს.
არა აქვს მნიშვნელობა, გიყვარს თუ არა ოზის მუსიკა, შეუძლებელია არ შეგიყვარდეს ეს აუტანელი კაცი, თუ წაიკითხავ მის წიგნს „მე ვარ ოზი“, რომელიც უბრალოდ საუკეთესოა მუსიკოსთა ავტობიოგრაფიებს შორის.
ოზის როლი მუსიკის ისტორიაში ყველაზე უკეთ ალბათ იმ დეტალშიც ჩანს, რომ მძიმე როკის საუკეთესო ალბომებს შორის, Black Sabbath-ის „პარანოიდი“ მუდამ პირველ ადგილზეა, ან მინიმუმ პირველ სამეულშია ხოლმე. Black Sabbath კი წარმოუდგენელია ოზის გარეშე. ისევე როგორც თვითონ Black Sabbath-ის გარეშეა წარმოუდგენელი თანამედროვე ბენდების ნაწილი. ეგებ საუკეთესო ნაწილიც.
ჯგუფის დატოვების შემდეგაც არანაკლები შედევრები შექმნა ოზიმ. მისი თუნდაც მარტო Blizzard of Ozz და Diary of a Madman რად ღირან. არცერთ მუსიკოსს არ ჰქონია ისეთი წარმატება მშობლიური კოლექტივიდან წასვლის შემდეგ, როგორც ოზის. მაშინ იგი უბრალოდ კაშკაშებდა რენდი როუდსთან ერთად. ამ გიტარისტი-ვირტუოზის სიკვდილი 25 წლის ასაკში ცალკე ტრაგედიაა. ვინ იცის, კიდევ რამდენ შედევრს შექმნიდნენ ერთად.
ოზიზე უთუოდ გადაიღებენ ბიოპიკს. და უთუოდ არ ივარგებს იგი. უბრალოდ, შეუძლებელია იმის კინოში ასახვა, რაც ოზის გადახდა ცხოვრებაში, რომელიც მან ერთ დიდ უსასრულო ატრაქციონად აქცია.
აწი მაინც გავიგებთ, არის თუ არა საიქიო. სატანას თუ მოვკარით სადმე თვალი, გვეცოდინება, რომ ოზის გამოექცა. ეს ორი ერთ ალში უბრალოდ ვერ დაეტევა.
მშვიდობით, ოზი“.
