ზაალ კოკაია: მოკლე კომენტარი “განათლების კონცეფციაზე”

ზაალ კოკაია:
“მოკლე კომენტარი “განათლების კონცეფციაზე”
უკვე 35 წელია, რაც შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში ვსაქმიანობ. დავიწყე როგორც დოქტორანტმა და დღეს ვარ ამავე უნივერსიტეტში კლინიკური კვლევების კათედრის პროფესორი. ამას იმის საილუსტრაციოდ ვწერ, რომ ზუსტად ვიცი, თუ რა არის ევროპული განათლება, სამეცნიერო კვლევები და ბოლონიის პროცესი, რადგანაც ამ სისტემის ნაწილი ვარ ამდენი წელია.
„უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია“, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა საქართველოს ხელისუფლებამ, წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან. მე მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
ბოლონიის პროცესი მოითხოვს, რომ უნივერსიტეტებმა თავად განსაზღვრონ თავიანთი აკადემიური პროფილი და საგანმანათლებლო პროგრამები. შემოთავაზებული კონცეფციის მიხედვით კი სახელმწიფო გეგმავს დანერგოს პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, რაც ზღუდავს უნივერსიტეტების ინსტიტუციურ ავტონომიას და აკადემიური თავისუფლებას. როცა საგრანტო დაფინანსება გაუქმდება და ის ჩანაცვლება სახელმწიფო დაკვეთით, ასევე შეიზღუდება უნივერსიტეტების ფინანსური ავტონომია და აკადემიური დამოუკიდებლობა. სამაგიეროდ, ეს მიდგომა ხელისუფლებას მისცემს უნივერსიტეტებზე ზემოქმედების ბერკეტს, და სავარაუდოდ ამ ცვლილების მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.
ბოლონიის პრინციპები გულისხმობს სამეცნიერო კვლევის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და აკადემიურ თავისუფლებას. კონცეფცია კი ითვალისწინებს ახალი სახელმწიფო მოდელით კვლევების დაფინანსების სისტემის ინტეგრირებას უნივერსიტეტებთან. ეს უეჭველად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს, ასევე იმ კვლევებს, რომლებიც არ ჯდება სახელმწიფო პრიორიტეტების ნუსხაში.
უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების განსაზღვრა სახელმწიფო დაკვეთით, ასევე არაა თანხვედრაში ბოლონიის პრინციპებთან და ესეც ზღუდავს უნივერსიტეტების ავტონომიას. შემოთავაზებული მიდგომით იკარგება ჰუმანიტარული და ფუნდამენტური მეცნიერებების მნიშვნელობა, რაც ყოვლად დაუშვებელია.
აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რა არის ის გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც უნივრერსიტეტები შეძლებენ უცხოელი სტუდენტების მიღებას. ეს მიდგომა ზოგადად ეწინააღმდეგება გლობალური მობილურობისა და ინტერნაციონალიზაციის ევროპულ პრინციპებს.
და ბოლოს, მოთხოვნა რომ ყველა სრული პროფესორი და ასოცირებული პროფესორი იყოს მთლიან განაკვეთზე დასაქმებული და სხვები კი მხოლოდ საათობრივად, ზღუდავს აკადემიურ მოქნილობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ან საერთაშორისო თანამშრომლებისთვის და აფერხებს ბოლონიის პრინციპების განხორციელებას”.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე – თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება!

გია ვოლსკი – თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა – არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, არავითარი დანდობა!