ზაალ ანდრონიკაშვილი: 1937 წელი მაშინ და ახლა

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი

________________________

დღევანდელობას ბევრი ადარებს 1937 წელს.

1937 წელი სტალინური ტერორის სიმბოლოა.

ამ სიმბოლოშია ჩატეული მილიონობით უსამართლოდ დაპატიმრებული, ნაწამები, დახვრეტილი, გადასახლებული, გულაგში მონურ შრომაში სულამოხდილი, დაქვრივებული, დაობლებული, შეურაცხყოფილი, გარიყული, გაუბედურებული ადამიანის, დაწიოკებული და დანგრეული ოჯახის ბედი, ბიოგრაფია, ტკივილი, გლოვა, სიმწარე, სასოწარკვეთა.

1937 წელი ისტორიული ტრავმაა.

დღევანდელ ტკივილს რომ 1937 წელს ვარქმევთ, ნიშნავს, რომ ტრავმა არსად წასულა.

1937 წელი ისტორიული ჭრილობაა, რომელიც დღეს ისევ გაიხსნა.

1937 წელი მხოლოდ ისტორიული პარალელი არ არის.

ისტორიული პარალელი შეიძლება აკავშირებდეს ორ ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენას, 1937 წელი კი ისტორიული თანმიმდევრობაცაა.

მაშინდელი ისტორიული პროცესები არ დამთავრებულა, ძალაუფლების სტრუქტურები და მექანიზმები ახლაც მოქმედებენ.

I ისტორია, როგორც ტრაგედია
  • უკანონობის საძაგელი მექანიკა

„მაინც ვცდილობ, როგორმე მაინც გავხსნა „უკანონობის“ საძაგელი მექანიკა“, – თანამოკალმე და თანაგულაგელ ვარლამ შალამოვს წერდა რუსი მწერალი გიორგი დემიდოვი, რომელმაც 18 წელი გაატარა გულაგში. ფიზიკოსი დემიდოვი უკანონობას აღწერს, როგორც მექანიკას: იმ ძალებს, რომელთა მოქმედებითაც იქმნება უკანონობა.

უსამართლობის მექანიკის აღწერაში სწორედ მისი სამი მოთხრობა დაგვეხმარება, რომელიც დემიდოვმა 1937 წელს მიუძღვნა:

ფონე კვასი“ – ებრაელი ფიზიკოსის ისტორია, რომელიც დაპატიმრებულია „მავნებლობისათვის“, იგონებს აბსურდულ დანაშაულს იმისთვის, რომ ეს აბსურდულობა სასამართლოზე გამოჩნდეს და მისი დაპატიმრების შეცდომა გამოავლინოს, ოღონდ სწორედ ამ აბსურდული და შეუძლებელი დანაშაულის გამო დაიხვრიტება;

„ნარინჯისფერი აბაჟური“ – რუსი არისტოკრატის და ნიჭიერი ინჟინრის ისტორია, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა, თან ჩამოიყვანა ნაციზმს გამოქცეული გერმანელი სპეციალისტები და ასევე „მავნებლობის“ გამოა დაპატიმრებული, რომელიც მედგარ წინააღმდეგობას უწევს გამომძიებელს, მაგრამ მაინც ტრაგიკული შეცდომა მოსდის;

და „ორი პროკურორი“, ახალგაზრდა კომუნისტი პროკურორის ისტორია, რომელიც კანონის უზენაესობის რწმენის და მისთვის ბრძოლის გამო ხდება უკანონობის მანქანის მსხვერპლი, რომელსაც მისი უფროსი კოლეგა, სსრკ-ს გენერალური პროკურორი ვიშინსკი წარმოადგენს.

დემიდოვი თვლიდა, რომ 1937 წლის აღსაწერად მხოლოდ ძალადობის აღწერა საკმარისი არ იყო.

საჭირო იყო (სა)მართლობის მხილება.

„ნარინჯისფერი აბაჟურის“ პერსონაჟი, ტრუბნიკოვი, ამბობს: „სამყაროში მეფობენ სისულელე, სისასტიკე და ბოროტება. მაგრამ ისინი მაინც (სა)მართლობას ექვემდებარებიან.“

Неправда, უმართლობა, არ არის იგივე, რაც სიცრუე. სიცრუე სიმართლის ანტონიმია, ხოლო უმართლობა, ყოველ შემთხვევაში დემიდოვის სიუჟეტში, არის ტყუილი, რომელიც თავს სიმართლედ მოგვაჩვენებს.

უმართლობაა უსამართლობა, რომელიც თავს სამართლიანობად აცხადებს.

უმართლობაა კანონიერებით შენიღბული უკანონობა, რომელიც „აყვანილია სახელმწიფო პრინციპის რანგში და გამყარებული ოფიციალური მეცნიერებით“.

უმართლობის მიზანი არის სახელმწიფოში ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდება და შენარჩუნება ისე, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ამას სამართლის და კანონიერების ელფერი დაჰკრავდეს.

  • ძალადობის აპარატი

უმართლობას, უკანონობას და უსამართლობას სჭირდება ჯალათები. ასეთ ჯალათებს სისტემა არჩევს ყველაზე უნიჭო, სხვა საქმისთვის გამოუსადეგარი ადამიანებისგან.

დემიდოვს ასეთად ჰყავს გამოყვანილი გამომძიებელი პრონინი, რომლისთვისაც კარიერის კეთების ერთადერთი გზა – რადგან სწავლისთვის არც საკმარისი ნიჭი აქვს და არც საკმარისი მონდომება – ჯერ სხვების დასმენა ხდება.

ის ბავშვობაში დაასმენს დედას, მისი დაპატიმრების შემდეგ პრონინი ჯერ პიონერულ, შემდეგ კომკავშირულ კარიერას იკეთებს და ბოლოს დაიწყებს შინსახკომში გამომძიებლად მუშაობას, ოღონდ იქაც უნიჭო აღმოჩნდება და მხოლოდ წვრილ საქმეებს ავალებენ.

სამაგიეროდ, პრონინი დარწმუნდება, რომ „ადამიანების უმეტესობა უხერხემლო და ლაჩარია, რომ შიშით მათ შეიძლება ყველაფერი ათქმევინო.“

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძალადობა არ არის რეპრესიული მექანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი. დემიდოვისათვის, ჯალათი სისტემის ყველაზე დაბალი, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელო რგოლია.

  • მოთვინიერების მექანიზმი

„სახელმწიფო ჩაგვრის“ მანქანის მეორე მხარეს დგას ხალხი, რომელიც უნდა მოათვინიერო, დაიმორჩილო, გატეხო, დააშინო წაართვა წინააღმდეგობის სურვილი.

თითქმის ყოვლისშემძლე ძალადობის აპარატს მაინც ეშინია საჯაროობის.

ის ხალხს აპატიმრებს ღამ-ღამობით, ქურდულად.

დაპატიმრებულები გადაჰყავს სატვირთო მანქანებით, რომელსაც გარედან აწერია „პური“ ან „ხორცი“.

ციხეები გარედან არ ჩანს.

დახვრეტისთვის არსებობს ევფემიზმი – „10 წელი მიმოწერის უფლების გარეშე“, უსამართლობის მთელი უზარმაზარი სისტემა უხილავია, დამალულია და მასში შეღწევა არა თუ ჩვეულებრივ ადამიანს, ამ სისტემის წარმომადგენელსაც კი უჭირს.

დემიდოვის „ორი პროკურორი“ სწორედ ასეთ ამბავს გვიყვება. ახალგაზრდა პროკურორი კორნევი, პარტიის ერთგული კომუნისტი, შემთხვევით მიიღებს ციხიდან გამოგზავნილ სისხლით დაწერილ წერილს და გადაწყვეტს მართლა შეასრულოს მისთვის კანონის მიერ მინიჭებული საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქცია, შევიდეს წინასწარი დაკავების ციხეში და გაესაუბროს ყოფილ პარტიულ მაღალჩინოსანს.

ის ხედავს, რომ რაღაც უკანონობა ხდება, მაგრამ ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ადგილობრივი შინსახკომის განუკითხაობაა და გაემგზავრება მოსკოვში, ვიშინსკისთან, რომელიც მას ხაფანგს დაუგებს და შინსახკომს გადასცემს.

პატიოსანი პროკურორის ამბავი, რომელსაც კანონის უზენაესობის 1937 წელს მართლა სჯერა, კიდევ უფრო შემზარავი წასაკითხია დღეს, როდესაც საქართველოს იუსტიციაში ერთი მსგავსი ადამიანიც კი არ აღმოჩენილა.

  • შიში

სახელმწიფო ჩაგვრის მანქანის მთავარი ინსტრუმენტი შიშია.

შიში საზოგადოების დაშლის საშუალებას იძლევა.

დაშლილი, ფრაგმენტირებული, გათითოკაცებული საზოგადოება მართვადი ხდება.

„ისინი“ (სახელმწიფო ჩაგვრის მანქანის მემანქანეები – .ა.) შესანიშნავად იცნობენ ადამიანთა მასების ფსიქოლოგიას.

ადამიანთა ნახირის ქცევის ჩვევების ცოდნა საშუალებას აძლევდა ეს ჩვევები თავიანთი მიზნებისთვის გამოეყენებინათ, იმისთვის, რომ ამ ნახირის დიდი ნაწილი უფსკრულისაკენ წაეყვანათ“.

ამისათვის, აუცილებელია „განწირულ ადამიანებს“ წაართვა იმის შეგრძნება, რომ ისინი საზოგადოებას ეკუთვნიან და მისი ღირებული წევრები არიან. მაშინ გაქრება საზოგადოების მხრიდან დაცვის იმედი, ხოლო ამ იმედის გარეშე ადამიანის მორალური ხერხემალი ტყდება […] ასევე საჭიროა, რომ საზოგადოებისაგან გარიყვის, სამოქალაქო და ფიზიკური სიკვდილისთვის განწირულმა ვერ გაიგოს, ვინ და რა მიზნით გაწირა ის საამისოდ.

გააკეთოს ისე, რომ მან გააცნობიეროს, იგრძნოს, რომ სრულიად უიმედოა გამოსავლის ძებნა და რომ არ არსებობს არც მორალური, არც იურიდიული კანონები, რომლებიც მას დაიცავდა […]

კიდევ საჭიროა, რომ იმ ზღვა ხალში, რომლებიც მასავით გადაუგდიათ ცხოვრების გემიდან, ადამიანი სულიერად იყოს მარტო. და იმ ადამიანებს შორის, ვისთან ერთადაც ამ ბედს იზიარებს, ვერ იპოვოს ვერც სულიერი მხარდაჭერა და ვერც იმისი ახსნა, რა ხდება მის თავს“.

მილიონობით ადამიანის დასაშინებლად საბჭოთა კავშირმა მარტივ, მაგრამ ძალიან ქმედით გზას მიაგნო.

მან უკლებლივ ყველა ადამიანი პოტენციურ დამნაშავედ გამოაცხადა. სწორედ ესაა უმართლობის მანქანის ძრავა, რომელიც უკანონობის და ძალადობის კანონიერებად და სამართლიანობად გადაქცევის ილუზიას ქმნის.

  • შეთქმულების თეორია

დემიდოსვის მოთხრობაში შინაგან საქმეთა კომისარი ეჟოვი დახურულ კრებაზე სიტყვით გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანა, „საიდუმლო ფაშიზმითაა“ დაავადებული, როგორც ჯანსაღი ორგანიზმი სიმსივნით“. ეჟოვი იმეორებს სტალინის თეზისს, რომ „მტრებმა შეაღწიეს საბჭოთა და პარტიული აპარატის, მრეწველობის, შეიარაღებული ძალების და საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა უჯრედში.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაშიზმი სხვადასხვა ფორმას იღებს, ის არაფერში ვლინდება.

ამგვარად, საბჭოთა სახელმწიფოს უმძიმეს დაავადებას გარეგნული სიმპტომები არ აქვს.

ანტისაბჭოთა ორგანიზაციებში გაერთიანებული მტრების დაახლოებითი რაოდენობა მილიონებით განისაზღვრება, მაგრამ მათ ისტორიულად უპრეცედენტოდ მკაცრი კონსპირაცია აქვთ. მათ არ აქვთ არც საიდუმლო ბინები, არც წევრთა სიები, არც პარტბილეთები, არ ატარებენ კრებებს, არ აქვთ ლიტერატურა ან პროპაგანდის საშუალებები, რიგითმა წევრებმა არაფერი იციან ამ ორგანიზაციის შესახებ“.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა ორგანოებს ევალებათ გამოარჩიონ მტრები, რომლებიც გარეგნულად არაფრით განსხვავდებიან მოყვარეებისგან.

  • უკანონობა, როგორც კანონი

„მსოფლიოში პირველ სოციალისტურ სახელმწიფოს“ – წერს დემიდოვი – რომელიც თავის, მათ შორის „პოტენციურ“ მტრებს უცერემონიოდ უსწორდებოდა, მაინც არ სურდა, რომ ის ჩაეთვალათ ზუმბა-იუმბას მსგავს სახელმწიფოდ“.

შეთქმულების თეორია არ არის საკმარისი უსამართლობის დასაკანონებლად.

შეთქმულების თეორიის რეალობად გადასაქცევად, საჭიროა სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც შეთქმულების თეორიას „კანონის“ ენაზე გადმოთარგმნის.

ამ თარგმანის ერთ-ერთი გამოხატულება ისაა, რომ სტალინური სისხლის სამართალი, სხვათა შორის, არ ცნობს უდანაშაულობის პრეზუმფციას. ხაზს გავუსვამ: კანონი მიჰყვება შეთქმულების თეორიის ლოგიკას და კანონის გარეგნულ ფორმას არგებს შეთქმულების თეორიის საჭიროებას.

ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად უკლებლივ ყველა მოქალაქე პოტენციურ დამნაშავედ იქცევა. „ამ მავნე ბალასტისაგან გათავისუფლებისთანავე საბჭოთა მართლმსაჯულება […] აქამდე გაუგონრად მოქნილი და ქმედითი გახდა. ამიერიდან მას შეეძლო გაეუვნებელყო არა მარტო რევოლუციის ის მტრები, რომლებმაც მოქმედებით გამოიჩინეს თავი, არამედ მისი პოტენციური მტრებიც“.

  • რამე კანონი დაირღვა?

„ორი პროკურორის“ ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ სიტყვა „იუსტიცია“ შეუფერებელი სიტყვაა „სახელმწიფო ჩაგვრის“ აპარატის ერთ-ერთი სამსახურისთვის.

საბჭოთა იუსტიცია შექმნილია სწორედ ამ „სახელმწიფო ჩაგვრის“ შესანიღბად. მას არ აქვს სხვა დანიშნულება.

შეთქმულების თეორიის წყალობით მოგონილი დანაშაულების „გამოძიება“, გამოგონილი მტრების დაპატიმრება და „გასამართლება“, გარეგნულად კანონიერად უნდა გამოიყურებოდეს.

ამიტომ, საჭიროა, რომ უკანონობა ინარჩუნებდეს კანონიერების ფორმას.

ცარიელ, უშინაარსო ფორმას იცავენ, როგორც რიტუალს, მაგრამ „ეს არ ნიშნავს ჭეშმარიტი კანონიერების დაცვას, არამედ მხოლოდ მის ილუზიას წარმოადგენს“.

ფორმას იცავენ ყველა ეტაპზე, დაწყებული დაპატიმრების ორდერით, დამთავრებული სასამართლო განაჩენით.

მაგალითად, საბჭოთა კონსტიტუციის მიხედვით, დაპატიმრება დაუშვებელია პროკურორის სანქციის გარეშე. ეს ფორმა აუცილებლად სრულდება. ოღონდ, გადაწყვეტილებას დაპატიმრების შესახებ იღებს შინსახკომი – შინაგან საქმეთა კომისარიატი, ხოლო პროკურორი შინსახკომის მიერ მიტანილ დაპატიმრების ორდერების დასტას წაუკითხავად აწერს ხელს.

ფორმა სრულდება, უკანონობა კანონდება.

გამომძიებლები აღიარებით ჩვენებას მოიპოვებენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამებით.

ორკაციან კამერებში 20-30 კაცია შეყრილი ისე, რომ იატაკზე დასაწოლი ადგილიც კი არ არის, არ არის ჰაერი, კამერებში ისეთი გაუსაძლისი სიმყრალეა, რომ ციხის თანამშრომლები საკანში შესვლას ერიდებიან. სასტიკი ცემა, უძილობით წამება, სველ კარცერში დამწყვდევა, ოჯახის წევრების დაპატიმრებით შანტაჟი შინსახკომის მეთოდების არასრული ჩამონათვალია.

წამებით, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს, „გამომძიებელი“ აღიარებით ჩვენებას თითქმის ყოველთვის იღებს. ძალიან ცოტა ახერხებს აღიარებითი ჩვენება ისე მისცეს, რომ სხვას არ დაადოს ხელი და კიდევ იმაზე ცოტა ახერხებს საერთოდ არაფერზე მოაწეროს ხელი.

  • სასამართლო, როგორც სპექტაკლი

სასამართლოზე ადვოკატის და პროკურორის დასწრება ფორმალურია. დემიდოვის თქმით, არაფერი შეიცვლებოდა, თუ პროკურორის ადგილას „მაიმუნს ან პორტფელიან საფრთხობელას დასვამდნენ, რადგან ახლანდელ პროკურორს მხოლოდ ის მოეთხოვება, რომ არაფერი შეიმჩნიოს და არაფერში ჩაერიოს“.

„დაპატიმრებულთა უმრავლესობისთვის ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი. სასამართლო მხოლოდ ფორმალობაა. განაჩენის გამოტანა, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილმა შეიძლება თავის ჩვენებაზე უარი თქვას, ნიშნავს, რომ მისი და მისი ოჯახის ბედი დიდი ხანია გადაწყვეტილია. […] ცხადი იყო, რომ განაჩენი წინასწარ იყო გამოტანილი, ხოლო აქ კომედიას თამაშობდნენ“.

სპექტაკლი, კომედია, ფარსი, საკვანძო სიტყვებია 1937 წლის სასამართლო პროცესის აღსაწერად, რადგან განაჩენი, რომელიც ეყრდნობა არარსებულ ბრალდებას, ცრუ გამოძიების მასალებს და იძულებით მოპოვებულ აღიარებას, წინასწარაა გამოტანილი.

ამ ფარსად ქცეული პროცესების ყველაზე შემზარავი და თვალსაჩინო გამოვლინება იყო საჩვენებელი პროცესები: დაწყებული პრომპარტიის (საწარმოო პარტიის პროცესით (1930) დამთავრებული მოსკოვის პროცესებით 1936-1938 წლებში).

„იყვნენ ისეთებიც“, წერს დემიდოვი, ვინც ამბობდა, რომ სწორედ მან (ვიშინსკიმ- ზ.ა.) შეიმუშავა საბჭოთა კავშირში თავისებურად განუმეორებელი პოლიტიკური სასამართლო პროცესების ტიპი, რომლებიც, ოციანი წლებიდან დაწყებული, სულ უფრო ემსგავსებოდა რეპეტიციებზე კარგად დასწავლილ სპექტაკლებს.

ამ სპექტაკლის ერთი მონაწილე მრისხანე საბრალდებო სიტყვებს წარმოთქვამდა და სასტიკი განაჩენები გამოჰქონდა, სხვები კი თითქმის ყოველთვის ეთანხმებოდნენ ბრალდებას და ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს.

ხანდახან ლმობიერებას და დანდობას ითხოვდნენ, უფრო ხშირად არა – მაგრამ არცერთი და არც მეორე არასოდეს მიუღიათ. პოლიტიკურ პროცესებზე განსასჯელთა გამართლების შემთხვევები არც მაშინ ყოფილა, არც უფრო გვიან“.

ლენინის ჩაფიქრებული და სტალინის განხორციელებული საჩვენებელი პროცესები გვიჩვენებენ, რომ უმართლობის ყველა კომპონენტმა წარმატებით იმუშავა:

საჩვენებელ პროცესზე თავის როლს ასრულებდა არა მარტო მოძალადე, არამედ მსხვერპლიც, ოღონდ ისე, რომ ის დამნაშავის როლს ასრულებდა და ამით მოძალადეს აქცევდა ლეგიტიმურ მოსამართლედ. უკანონობამ კანონის ნიღაბი მოირგო.

II ისტორია, როგორც ფარსი

ისტორიული პარალელები თანამედროვეობას მხოლოდ ნაწილობრივ გვიხსნიან.

მსგავსებების გარდა მნიშვნელოვანია დავინახოთ განსხვავებებიც.

რით ჰგავს და არ ჰგავს 1937 წელი დღევანდელობას?

ივანიშვილის რეჟიმმა სახელმწიფო ხელში ჩაიგდო და გადააქცია ჩაგვრის მანქანად.

რეჟიმი იგონებს შეთქმულების თეორიებს, ამ შეთქმულების თეორიების საფუძველზე კი გამოგონილ დამნაშავეებს ქმნის.

ამ გამოგონილი დამნაშავეების წინააღმდეგ (სინამდვილეში კი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც არ ანებებს რეჟიმს სახელმწიფოს მიტაცებას) რეჟიმი იგონებს სპეციალურ კანონებს.

ამ კანონებს იღებს უკანონო, გაყალბებული თ მოსული თვითაღიარებული პარლამენტი, რომელიც უკანონობის კანონად ქცევას კანონშემოქმედის ბეჭედს ასვამს.

ძალადობის მანქანას შეზრდილი იუსტიცია უკანონო კანონებს რეპრესიებისათვის იყენებს.

ჯიბის სასამართლო ჯიბისავე პროკურატურის მიერ მოგონილ, ყალბ, შეთითხნილ უსამართლო, ცრუ მოწმეების ჩვენებებით „გამყარებულ“ ბრალდებას უსამართლო განაჩენებად აქცევს და უდანაშაულო ადამიანებს ციხეში ამწყვდევს.

რეჟიმს თავისი საჩვენებელი პროცესებიც აქვს: წულუკიანის ტელეკომისა, რომელიც ბრაზილიური ტელესერიალის ჟანრში ცდილობს სასამართლოს ილუზიის შექმნას.

უკანონობის საძაგელი მექანიკა დღესაც ისევე მოქმედებს, როგორც 1937 წელს.

ოღონდ, თუ 1937 წელს, შეიძლებოდა არსებულიყო პროკურორი, რომლისთვისაც კანონის უზენაესობა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე პარტიული რწმენა და თვითგადარჩენის ინსტინქტი, დღეს საქართველოს იუსტიციის სისტემაში ასეთი ადამიანი არ აღმოჩნდა.

მაგრამ, არსებობს პრინციპული განსხვავებებიც და ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელობის აღსაწერად.

ივანიშვილის რეჟიმს ჩაუვარდა მთავარი „ტრიუკი“ – მან ვერ შეძლო უკანონობის კანონიერებად მოჩვენება.

2023 წლიდან მოყოლებული, როდესაც რეჟიმმა პირველად შემოაგორა კანონი აგენტების შესახებ, რეჟიმმა ვერ მოახერხა ვერც საქართველოს მოქალაქეების, ვერც სხვა სახელმწიფოების მოტყუება.

რეჟიმის სიშიშვლეს ლეღვის ფოთოლიც ვერ ფარავს.

ის უკანონოა და თავისი უკანონობის დაკანონებას ვერ ახერხებს.

სტალინის შინსახკომი დაუსჯელი იყო – უფრო სწორად, შინსახკომელებს შინსახკომივე თუ იმსხვერპლებდა. ივანიშვილის რეჟიმი დაუსჯელი არ არის. 1937 წლის შინსახკომელების დღევანდელი მემკვიდრეები, მურუსიძე-ჩინჩალაძე-გომელაურ-ხარებები დღესვე ისჯებიან.

სანამ ქართული სამართლის ურემი მათ ეზომდე მიაღწევს, საერთაშორისო საზოგადოებამ მათ უკვე ამოაწვა დამნაშავის დაღი და სანქციებიც დააკისრა.

ეს დაღი სიმბოლურიცაა და რეალურიც: სიმბოლური იმიტომ, რომ უსამართლობას ამხელს და რეალური იმიტომ, რომ დამნაშავეს სჯის.

წარუმატებელი აღმოჩნდა საჩვენებელი ტელესასამართლოც. აღიარებების გარეშე სპექტაკლი არა თუ დამაჯერებელი, საზიანოც კი აღმოჩნდა.

დაშინებაც არ გამოვიდა – რეჟიმმა ხალხი ვერ დააშინა.

სპეცრაზმის შემაძრწუნებელი ძალადობა, სადარბაზოში ლაჩრულად ჩასაფრებული ტიტუშკები“, მცირეწლოვან შვილებთან და ასაკოვან მშობლებთან მოტყუებით შევარდნილი პოლიცია, არაადამიანურად მძიმე ჯარიმები, უკანონო დატყვევება, უნამუსო სასამართლო და უსამართლო მსჯავრი ხალხის დასაშინებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

რეჟიმის ტყვეები საჩვენებელ სასამართლო პროცესებსა და ციხეებშიც აგრძელებენ წინააღმდეგობას. ვერ გატეხეს მზია ამაღლობელი, რომლისგანაც სინანულს მაინც ითხოვენ. ვერ გატეხეს ვერც მსახიობი და ვერც მაღაროელი. ადამიანებმა ღირსეული ბრძოლა არჩიეს ნაძრახ შეგუებას.

ესაა მთავარი განსხვავება 1937 წელს და დღევანდელობას შორის. ღირსეული მოქალაქე საქართველოს დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი და ფასდაუდებელი მონაპოვარია.

1937 წელი არის საზოგადოების სიკვდილის ტრაგიკული ისტორია. ღირსეული მოქალაქეებისგან შემდგარი საზოგადოება, რომელიც ამარცხებს რეჟიმს, საქართველოში 1937 წელსაც დაამთავრებს.

წყარო