„ვჭამე ხინკალი და ახლა რა ვაკეთო“ – როგორ გავხადოთ საქართველოს კურორტები ტურისტებისთვის მიმზიდველი?

Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ჩეხერიას შეფასებით, ქვეყანა ტურისტულ პოტენციალს არასაკმარისად განვითარებული ინფრასტრუქტურის გამო ვერ იყენებს.
როგორც მან bmg-თან საუბრისას განაცხადა, უმთავრეს გამოწვევებს შორის არის ქალაქების ერთმანეთთან სწრაფი დაკავშირების პრობლემა.
„ბოლო სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ ყველაზე მეტი ტურისტი თბილისსა და ბათუმზე მოდის. მხოლოდ ეს ორი ქალაქია, თუმცა უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს, როგორც ბარნეოლოგიური, ისე გამაჯანსაღებელი თუ ფერმების მიმართულებით რომელსაც არ ვიყენებთ, იმიტომ რომ პროდუქტები არ არის.
პირველ რიგში აუცილებელია არსებობდეს ტრანსპორტი. გუდაური ახლოსაა, მაგრამ რაჭა, სვანეთი შორსაა. თუ არ მოხდა დაკავშირება ქალაქებს შორის და 10-12 სთ გზაში დაკარგე, იქ არავინ წავა. უნდა იყოს სწრაფი მატარებელი, ან თვითმფრინავი იმისთვის, რომ როდესაც 5 დღით ჩამოდიხარ საქართველოში შეძლო მოიარო სვანეთიც, რაჭაც, სამეგრელოშიც ჩახვიდე და კახეთიც ნახო. აუცილებელია ტრანსპორტი იყოს გამართული.
სხვანაირი უნდა იყოს შიდა ტრანსპორტიც, მორგებული იმ აღჭურვილობაზე რაც გჭირდება სამთო კურორტზე. დაწყებული აქედან დამთავრებული იმით, რომ სასტუმროს იქით უნდა არსებობდეს გამართული რესტორანი, სუპერმარკეტი, საციგურაო მოედანი, ტენისის თუ გოლფის კორტი, თეატრი ან კინოთეატრი. „ვჭამე ხინკალი და ახლა რა ვაკეთო“ რომ არ იყოს. მიმუშავია ევროპაში, ამერიკაში, სადაც სასტუმროების გაკეთებისა მიბმულია ქალაქებზე იმისთვის, რომ პირობითად სტუმარს უთხრა, რომ შენ თუ აქ ლანჩს მიირთმევ შეგიძლია აქ წახვიდე, ეს დაათვალიერო და ა.შ. ეს არის ის, რაც გრძელ ვადაში ტურისტს შენს ქვეყანაში ტოვებს,“ – ამბობს ვალერი ჩეხერია.