ვღელავ ქართველებზე, რომლის მთავრობა იღებს ზომებს ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც უბრალოდ ხუმრობს – პატრაშკანი

რუმინელი კომიკოსი, ვიქტორ პატრაშკანი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, ქართველ ხალხს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. როგორც ის წერს, ათასობით ქართველისგან მიიღო კეთილგანწყობის გამომხატველი შეტყობინება.
პატრაშკანი ამბობს, რომ ღელავს ქართველებზე, რადგან ჰყავთ “ქართული ოცნებისნაირი” მთავრობა – რომელსაც “შეუძლია მიიღოს და იღებს კიდეც ზომებს ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც უბრალოდ ხუმრობს”.
“დიდი მადლობა იმ ათასობით ქართველს, რომელმაც კეთილგანწყობა და სითბო გამოხატა ჩემ მიმართ გუშინდელს შემდეგ, როცა საქართველოში არ შემომიშვეს. ნუ იღელვებთ ჩემზე, მე არაფერი მიჭირს. ახლა ერევანში ვარ. თქვენზე უფრო ვღელავ, ქართველ ხალხზე, რომლის მთავრობასაც შეუძლია მიიღოს და იღებს კიდეც ასეთ ზომებს ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც უბრალოდ ხუმრობს. თავს გაუფრთხილდით. იმედი მაქვს, ერთმანეთს სხვა დროს, უკეთეს გარემოებებში შევხვდებით და ამ ყველაფერზე ვიცინებთ. გგულშემატკივრობთ, თქვენ გვერდით ვარ, როგორც თქვენ ხართ ჩემ გვერდით. მთელი მსოფლიო თქვენ გვერდითაა. სიყვარულსა და გამძლეობას გისურვებთ მთელ ქართველ ხალხს!”, – წერს პატრაშკინი სოციალურ ქსელში.
გუშინ, 29 აპრილს, ვიქტორ პატრაშკანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც ის წერს, 29-30 აპრილს ჰქონდა დაგეგმილი შოუები თბილისში, „ტერმინალში“.
სტენდ-აპ კომიკოსი, რომელიც გამოირჩევა პოლიტიკური და სოციალური თემების კომენტატორობით, მათ შორის ანტირუსული განწყობებით, საქართველოში მის არშემოშვებას „ქართული ოცნების“ მთავრობას უკავშირებს.