„ვფიქრობ, ჩვენი ზომის ქვეყნისთვის არსებული 3 საერთაშორისო აეროპორტი საკმარისია“ – მთავრობა თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობას გეგმავს

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტურიზმში მოსალოდნელია მომავალში ვიზიტორების სწრაფი ზრდა, ამიტომ გადაწყდა ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენება.
„ჩვენ განვიხილეთ ორი ვარიანტი, ერთი იყო არსებული აეროპორტის გაფართოებას, მეორე გულისხმობდა ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას. ძველის გაფართოება ჯდებოდა დაახლოებით 900 მლნ დოლარი, ხოლო ახლის აშენება 1 მილიარდ 260 მლნ დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა 15 მლნ-მდე, ხოლო ახალი აეროპორტის მშენებლობა გვაძლევს 19 მლნ მგზავრის გამტარიანობის შესაძლებლობას, გაფართოების პერსპექტივით“, – განაცხადა მ.
რამდენად სჭირდება საქართველოს კიდევ ერთი ახალი აეროპორტი და როგორია ვაზიანის და ცოტა ხნის წინ დაანონსებული თელავის აეროპორტების პერსპექტივა, „კომერსანტთან“ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი მოლოდინაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოსთვის არსებული სამი საერთაშორისო აეროპორტი საკმარისია.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ მოხერხდება მგზავრთნაკადის გენერირება, რაც ავიაკომპანიების მოზიდვის რთულ პროცესთანაცაა დაკავშირებული. აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარება რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს საავიაციო სფეროს და მგზავრთნაკადის მომსახურებას, რომელსაც ელოდება ქვეყანა მომდევნო წლებში. რაც შეეხება, მგზავრთნაკადის შექმნას და ზრდას, ამას მხოლოდ ინფრასტრუქტურა ვერ გააკეთებს, ამას სჭირდება ავიაკომპანიები. ნებისმიერი აეროპორტი რამდენად წარმატებული იქნება დამოკიდებულია იმაზეც, როგორ განვითარდებიან ავიაკომპანიები და პირველ რიგში, ქართული ავიაკომპანიები.
ერთმნიშვნელოვნად კარგია, რომ კეთდება და მიმდინარეობს სამუშაოები, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ზომის ქვეყნისთვის არსებული 3 საერთაშორისო აეროპორტი საკმარისია. რა იქნება მომავალში რთული სათქმელია, ზოგადად პროგნოზირება ძალიან უმადური საქმეა და როგორი იქნება მაგალითად 2026-2027 წლისთვის მგზავრთნაკადი შეუძლებელია აქედან შევაფასოთ“, – ამბობს გიორგი მოლოდინაშვილი.
როგორც მთავრობაში აცხადებენ, მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი, რომელსაც ყოველწლიურად, 19 მილიონამდე მგზავრის გადაყვანის საშუალება ექნება.
პრემიერის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სერიოზული ეკონომიკური ეფექტი ექნება და 0.2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკური ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში წლიურად საშუალოდ 350 მლნ ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას.