“ვფიქრობ, ვიღაცას გონიერება უნდა ეყოს და [ხელისუფლებას] მოუწოდოს, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის” – ბიზნესმენი

ბიზნესმენი, დიმიტრი ნოზაძე BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სრულად სახელმწიფოს აკისრებს და ამბობს, რომ უნდა გამოჩნდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას გამოსავლის ძიებისკენ მოუწოდებს.
„ეს ქვეყანა მარტო ჩვენი არ არის, ჩვენი ხელისუფლის შვილებიც, ოჯახებიც ამ ქვეყნის შვილები არიან და ცოტა გაუგებარია, როდესაც მათი მხრიდან არ მიდის რამეზე დიალოგი, რამაც შეიძლება ეს ქვეყანა მდგომარეობიდან გამოიყვანოს. მაშინ, როდესაც ყოველდღე სიტუაცია იძაბება.
ვფიქრობ, რომ ვიღაცას გონიერება უნდა ეყოს და [ხელისუფლებას] მოუწოდოს, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის და რაღაც გამოსავალია საპოვნელი. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. მათ შორის ისიც, როდესაც ამბობენ, რომ ხალხის ჯგუფმა ნაძვისხესთან არ მიუშვეს. ესეც მათი პრობლემაა, რადგან ისინი ვერ უზრუნველყოფენ ამ პროცესს“, – განაცხადა ბიზნესმენმა.
18 დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. ორასზე მეტ პირს, აღენიშნებოდა ხილული დაზიანება. დასჯილია 0 ძალოვანი.