“ვფიქრობ, ბახმარომ ის ნიშა უნდა შეინარჩუნოს, რაც უჭირავს” – ამის შესახებ BMG-სთან “პანორამა ბახმაროს” დამფუძნებელმა, გიორგი კეჭაყმაძემ, კურორტის განაშენიანების გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ბახმაროს განვითარებაში ინვესტიციის განხორციელება მნიშვნელოვანია, თუმცა განაშენიანება გარემოსთან შესაბამისობაში უნდა იყოს.
“ჩემი პოზიციაა, რომ ინვესტიცია, რა თქმა უნდა, ყოველთვის ავითარებს კურორტს, თუმცა აუცილებელია, რომ ის გარემოს შესაბამისი იყოს. არ ვართ მომხრე, რომ აქ ცათამბჯენები გაკეთდეს, მომხრე ვართ, რომ ბახმარომ ის ნიშა შეინარჩუნოს, რაც დღეს უჭირავს.
აშენდეს ხის ლამაზი კოტეჯები, რომლებიც შესაბამისი იქნება გარემოსთან. ამ ეტაპისთვის განაშენიანება პრობლემურია, გენგეგმა არასწორად მუშაობდა. ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივების სურვილითა და კეთილგანწყობით ლამაზ შენობებს ააშენებენ და არ დაამახინჯებენ ბახმაროს. აშენდეს ლამაზი სახლები და არა ცათამბჯენები, როგორც ეს გუდაურსა და ბაკურიანშია”, – ამბობს კეჭაყმაძე.
“პანორამა ბახმაროს” დამფუძნებელს ზაფხულის სეზონთან დაკავშირებითაც ვესაუბრეთ. მისი თქმით, წელს განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნებოდა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებისგან.
“საკმაოდ კარგი სეზონი გვქონდა, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ ბახმაროში იყო მაღალი აქტივობა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამსვენებლების. ზაფხულში, როგორც წესი, ადგილობრივი ტურისტი ჭარბობს, თუმცა წელს უცხოელთა რაოდენობაც გაზრდილი იყო.
ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიან, თუმცა წელს იყვნენ გალფის ქვეყნებიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, კატარიდან, საუდის არაბეთიდან… გამოირჩეოდნენ ებრაელი დამსვენებლები ისრაელიდან და, რა თქმა უნდა, ევროპელები, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და ა.შ. აგვისტოში ბახმაროში ადგილიც აღარ იყო, რაც ძალიან მახარებს”, – ამბობს გიორგი კეჭაყმაძე.
რაც შეეხება ზამთრის სეზონს, “პანორამა ბახმაროს” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია და ჩანს, რომ კარგი სეზონი იქნება.
“ზამთარში ბახმარომდე მისასვლელი გზის ბოლო 20 კილომეტრი ყოველთვის თოვლითაა დაფარული, რის გამოც გზის მდგომარეობას [ტურისტული აქტივობისთვის] მნიშვნელობა არ აქვს. სულ სხვა აქტივობებს ვთავაზობთ დამსვენებელს და თოვლმავალი ტექნიკით გადავადგილდებით.
ჯავშნები უკვე გვაქვს ბერძნებისგან, საიდანაც უკვე მესამე წელია აქტივობა შეინიშნება. მიღებული გვაქვს ჯავშნები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდანაც. შარშანდელთან შედარებით, წელს აშკარად გაზრდილია რაოდენობა. ვფიქრობ, ძალიან კარი სეზონი გველის წინ, იქიდან გამომდინარე, რომ ზამთრის ბახმარო ყოველ წელს უფრო პოპულარული ხდება”, – აცხადებს კეჭაყმაძე.
“პანორამა ბახმარო” კურორტზე 2021 წლის ბოლოს გაიხსნა. 9-ნომრიანი, 26 დამსვენებელზე გათვლილი სასტუმროს მშენებლობისთვის ₾400 000-ზე მეტი ინვესტიცია შეგროვდა, როგორც დამფუძნებლის პირადი ინვესტიციით, ასევე საბანკო სესხით.