„ვფიქრობ, ამას არ გააკეთებენ“ – ნოდარ გიორგაძე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე

სლოვაკეთსა და საქართველოში ტურიზმის დარგში მოქმედი ბიზნესების მფლობელი, კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საქართველოს უვიზო რეჟიმს არ გაუუქმებს. ამის შესახებ ნოდარ გიორგაძემ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
ის აღნიშნავს, რომ საქართველოში GINO Aquapark-სა და სასტუმროებში ევროპელი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია და ამ მოცულობას ასე ხსნის: „სამწუხაროდ, ევროპელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა, რადგან ევროპაში ყველგან საქართველოს შესახებ საკმაოდ ცუდი ინფორმაციები ტრიალებდა. ამან არ შეიძლება გავლენა არ იქონიოს ტურიზმზე“.
რედაქტ2-ის კითხვაზე – რა გავლენას იქონიებს ქვეყანასა და ტურიზმის სექტორზე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება, ბიზნესმენი და ინვესტორი პასუხობს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიმართ „კატეგორიულად უარყოფითი განწყობა აქვს“. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ მოსახლეობაზე აისახება.
„ძალიან ბევრ პოლიტიკოსთან ვმეგობრობ სლოვაკეთში, პოლონეთში და ყველას ვეუბნები, რომ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. დოლსაც ორი მხარე აქვს – შენ თუ უკრავ და მეორე მხრიდანაც თუ დაგიკრეს, შენი ჰარმონია სრულად დაკარგულია. ცალმხრივად გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება. პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, მაგრამ ხალხი რა შუაშია – ეს იქნება პირდაპირი დარტყმა ხალხზე. უამრავი ადამიანი, რომელიც ევროპაშია ჩასული ამ ადამიანებს ყველა უვიზო რეჟიმზეა დამოკიდებული და ბევრი მათგანი სამოგზაუროდ არ დადის ევროპაში, მათ სხვა საჭიროებებიც აქვთ. ვფიქრობ, რომ [ევროკავშირში] ამას არ გააკეთებენ, ეჭვი მეპარება რომ აიღონ და ვიზები გააუქმონ“, – განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას შედეგი მოჰყვება. „ჩვენ გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას წერილი, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ეხება. არის ცალკეული პირობები, რომლებთანაც ისინი თანხვედრაში უნდა მოვიდნენ. თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული დათქმულ ვადამდე, მაშინ მოგვიწევს შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი”,- აღნიშნა მან და თქვა, რომ რეკომენდაციების შესრულების ვადა აგვისტოს ბოლომდეა.