„ვფიქრობთ რომ 2024 წლისთვის სასტუმროს საქართველოს განთავსების ობიექტებს შორის ღირსეული ადგილი ექნება დამკვიდრებული“ – ახლაციხეში 15 მილიონიანი ინვესტიციით სასტუმრო „ახალციხე ინნ“ გაიხსნა
18 ნოემბერს ახალციხეში სასტუმრო „ახალციხე ინნ“ ოფიციალურად გაიხსნა, სასტუმრო 5 ვარსკვლავიანია, 115 ნომერს მოიცავს და აღჭურვილია ორი სახის საკონფერენციო დარბაზით, სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს სპა და საცურაო აუზი.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციულმა დირექტორმა ნინა გაჩეჩილაძემ აღნიშნა სასტუმრო 2023 წლის ივნისიდან სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და სტატისტიკაზე დაყრდნობით ამბობს, რომ სასტუმროს აქვს პოტენციალი იმისა, რომ ტურისტულ პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახდეს.
რაც შეეხება MICE ტურიზმის მიმართულებას და მოლოდინებს, ნინა გაჩეჩილაძის თქმით გამომდინარე იქიდან, რომ ახალციხე სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრია, სასტუმრო რეგიონში მეტი ღონისძიების დაგეგმვას შეუწყობს ხელს.
„2023 წლის ივნისში სატესტო რეჟიმში დავიწყეთ ოპერირება და შემიძლია ვთქვა, რომ ამ პერიოდში ყველაზე აქტიურია ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრები, როგორიც არის ევროპის ქვეყნები, ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული ქვეყნებიდან არაერთ ადამიანს ვუმასპინძლეთ, უფრო მოგვიანებით ჩვენი გუნდი ეცდება, რომ პიარ და მარკეტინგული კამპანიების მეშვეობით პროდუქტზე ცნობადობა უფრო გაზარდოს. რაც ავტომატურად რეგიონის ცნობადობასაც გაზრდის და როგორც ჩვენ სასტუმროზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება. მაისიდან ველოდებით შედარებით დიდ ნაკადს, წინასწარი ჯავშნების მიღება უკვე დაწყებული გვაქვს, ასევე ვფიქრობთ, რომ ზამთარიც დატვირთული იქნება.“ – აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.
რაც შეეხება კონკურენციას, გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ რეგიონში კონკურენტული ობიექტები არს, თუმც აყველა მათგანს თავისი ხასიათი და ნიშა აქვს, ხოლო „ახალციხე ინნ“ გაჩეჩილაძის თქმით იმდენად განსხვავებული იქნება, რომ სასტუმროს კონცეფციიდან გამომდინარე ჯანსაღ კონკურენციაში შესვლა რთული არ იქნება.
„სასტუმროს არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესო კონცეფცია აქვს, თანამედროვე სტილში შემოსულია კულტურულ ისტორიული ელემენტები, რაზეც ვფიქრობთ რომ ჩვენი სტუმრებისთვის საინტერესო იქნება, ამას გარდა, მენიუ რომელიც ჩვენ ბარსა და რესტორანში გვაქვს, არის ძველი კერძების ახლებური ხედვით წარმოდგენა. ამ ეტაპისთვის მოწვეული შეფი მასპინძლობს ჩვენ სტუმრებს, თუმცა მომავალში ვფიქრობთ, რომ თანამშრომლების ბლოკი უფრო გავაძლიეროთ.
ბიზნესისთვის პრიორიტეტულია, რომ დავასაქმოთ ადგილობრივი მაცხოვრებლები, ამ ეტაპისთვის სასტუმრო 70 ადამიანსა ასაქმებს, მოგვიანებით 100-ზე მეტ სტუმარს დავასაქმებთ , ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ამ ადამიანებს ჩვენი რესურსით დავატრენინგებთ.“ – აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.
სასტუმროს საინვესტიციო მოცულობა 15 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და პროექტი TBC ბანკისა და აწარმოე საქართველოს მხარდაჭერით განხორციელდა.
„ვფიქრობთ რომ 2024 წლისთვის სასტუმროს საქართველოს განთავსების ობიექტებს შორის ღირსეული ადგილი ექნება დამკვიდრებული“ – აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.