სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის ეკონომიკური წარმატების გამო შეაქო.
ვუჩიჩი ღარიბაშვილთან ერთად მონაწილეობდა დავოსის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაში – „ევრაზიის ახალი განთიადი?“.
სერბეთის პრეზიდენტმა ჩინეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ აპირებს, თავის ქვეყანას ჩინური ინვესტიციები წაართვას, რადგან ამის უფლება არ აქვს. მისი თქმით, ევროკავშირისგან ითხოვს, რომ არჩევანის თავისუფლების უფლება ჰქონდეს.
მან საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას ჩინეთთან მჭიდრო კავშირი ქვეყნის კეთილდღეობისთვის სჭირდება.
„თქვენ უსმენდით ირაკლის. მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება, 1-2-5 წელიწადში მის პოლიტიკურ კარიერასთან დაკავშირებით. თუმცა მე მჯერა, რომ ის იმსახურებდა ემართა ქვეყანა იმდენჯერ, რამდენჯერაც მოუწია. თქვენ გახსოვთ, რომ საქართველო იყო დიდი ვარსკვლავი ევროპის ცაზე და როგორი იყო მაშინ საქართველოს [ეკონომიკური] ზრდა? – თითქმის 0… 1 -1.5 %. დღეს არავინ საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე ჯომარ თოყაევის და მისი მთავრობის შედეგებზე. რატომ? – რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ვიტრაბახოთ ასეთი შედეგებით ევროპაში“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიმართ ევროკავშირისგან კითხვები მოიმატებს.
„ირაკლიმ ახსენა, რომ ისინი ურთიერთობას ჩინეთთან სტრატეგიულ დონეზე ზრდიან და მალე, ის აღმოჩნდება ისეთივე კითხვების წინაშე, როგორის წინაშეც მე აღმოვჩნდი – რატომ აკეთებთ ამას? ჩინეთთან უფრო ახლოს ხარ თუ ევროკავშირთან? მან თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იმუშაოს. ის ვერ გააკეთებს ამას მარტივად და ქვეყნის წარმატებულად ჩინური ინვესტიციების გარეშე, მათთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. ეს უნდა გააცნობიერონ ევროკავშირში“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე გამოსვლა ალექსანდრ ვუჩიჩსთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვით დაიწყო.
„მინდა შემოგიერთდეთ და მივულოცო ჩემს ძვირფას მეგობარს პრეზიდენტ ვუჩიჩს დიდი გამარჯვება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა
ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია სერბეთს 2012 წლიდან მართავს. დღეს 17 დეკემბერს, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. სერბეთის ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ვუჩიჩის პარტიამ გაიმარჯვა ყველაზე მეტი ხმა მიიღო დედაქალაქ ბელგრადში.
ოპოზიცია არ აღიარებს ბელგრადის საქალაქო საბჭოს არჩევნების შედეგებს და მოითხოვს, შედეგები გადაიხედოს. საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ნეგატიურად შეაფასეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც.