სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, მისი ქვეყანა არ გეგმავს სანქციების შემოღებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ – მიუხედავად ევროპული ინტეგრაციის საქმეების მინისტრის, ნემანია სტაროვიჩის სიტყვებისა, რომ ამგვარი სანქციების დაწესება შესაძლებელია, სერბეთის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების პირობით.
“ჩვენ არ შემოვიღებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება პრინციპებს და სახელმწიფო ინტერესებს” – ამბობს ვუჩიჩი გამოცემა Kurir-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ვუჩიჩმა “წინდაუხედავი” უწოდა სტაროვიჩის სიტყვებს – რომლებსაც მწვავე რეაქცია მოჰყვა რუსეთის მთავრობის მომხრე მედიაში, სადაც ეს განცხადება აღიწვეს ბელგრადის პოლიტიკის ბრიუსელისკენ შებრუნების ნიშნად. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, იმავე გამოცემები ამჟამად სერბეთის პოზიციას უწოდებენ “აწონ-დაწონილს” და “მეგობრულს”.
ევროკავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა იმედგაცრუება გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ სერბეთი კვლავაც უარს აცხადებს თავისი საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანაზე – თუმცა თან ევროკავშირის წევრობა სურს.
სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ ივნისში განაცხადა, რომ ქვეყანაში წარმოებული იარაღის ნებისმიერი სამომავლო ექსპორტისთვის საჭირო იქნება თანხმობა ეროვნული უშიშროების საბჭოს და სხვა შესაბამისი ორგანოების მხრიდან. სერბეთი ცოტა ხნის წინ მოექცა მოსკოვის ზეწოლის ქვეშ – რომელიც ბელგრადს ადანაშაულებდა იარაღის უკრაინაში ექსპორტში, მესამე ქვეყნების გავლით.
ვუჩიჩის თქმით, მან “პირადად დაწერა” უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება იარაღის ექსპორტის აკრძალვაზე. ვუჩიჩი ასევე ირწმუნება, რომ 1 ივლისის შემდეგ სერბეთს “არც ერთი ტყვიის ექსპორტი არ განუხორციელებია” საზღვარგარეთ, “მაღალი მოთხოვნის მიუხედავად”. ვუჩიჩის თქმით, სერბეთმა შეგნებულად დაუშვა ეკონომიკური სირთულეები, რათა “შეენარჩუნებინა მორალური და დიპლომატიური დამოუკიდებლობა”.
ფორუმი
