ერთწლიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას განიხილავს.
„არჩევნები ვადის ამოწურვამდე, 2027 წლის დეკემბრამდე ჩატარდება…ზუსტ დროს კომპეტენტური ინსტიტუტები გადაწყვეტენ“, – განაცხადა ვუჩიჩმა გამართულ პრესკონფერენციაზე. ამასთან დაკავშირებით financial times იუწყება.
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ნოვი სადის ტრაგედიის ერთი წლისთავზე გამართულ აქციას, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
მედიის ინფორმაციით, სტუდენტურმა მოძრაობამ შეადგინა კანდიდატების სიის პროექტი, რომლებსაც ისინი ვუჩიჩის მმართველი პარტიის, SNS-ის წინააღმდეგ წარადგენენ, თუმცა ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.
“[ვუჩიჩი] ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ სანამ არჩევნებს არ ვნახავთ, ჩვენი მოთხოვნები არ ჩაითვლება შესრულებულად“, – განაცხადა financial time-თან სტუდენტების წარმომადგენელმა მილუტინ მილიანიჩმა. როგორც მილიანიჩი ამბობს, სტუდენტები მზად არიან არჩევნებისთვის.
ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით , სტუდენტების მიერ მართული ოპოზიციური მოძრაობის მხარდაჭერა 40%-ზე მეტია, რაც SNS-ზე დაახლოებით 10%-ით უსწრებს.
თუმცა ვუჩიჩის თანაშემწემ Financial Times-ს განუცხადა, რომ პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მხოლოდ შესაძლებლობაზე ფიქრობდა.
იმ შემთხვევაში, თუ ვუჩიჩი ვადამდელ არჩევნებს არ ჩაატარებს, მაშინ 2027 წელს სერბეთში ერთდროულად გაიმართება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.
სერბეთში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. აქციების დაწყების მიზეზი 2024 წლის პირველ ნოემბერს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამოინგრევა და შედეგად 15 ადამიანის დაღუპვა გახდა . ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარ ნგრევას სერბეთში ბევრი კორუფციას უკავშირებს. ეს სადგური ბოლო წლებში ორჯერ გარემონტდა. რეაბილიტაციის ეს პროექტები ნაწილია იმ მეგაპროექტებისა, რომლებშიც მონაწილეობდნენ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები – CRIC და CCCC . ამ მეგაპროექტებს ადგილობრივი კორუფციის მკვლევრები საეჭვოდ მიიჩნევენ.
სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. სერბეთის ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველები ალექსანდრ ვუჩიჩს და მის პარტიას ამომრჩევლების მოსყიდვაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპონენტების მიმართ ძალადობაში, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ადანაშაულებენ. ვუჩიჩი და მისი მოკავშირეები ამ ბრალდებებს უარყოფენ.
ავტორი: ნინა სიგუა




