უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება, გმობს მის “არამეგობრულ” ტონს და “გამრუდებულ” შეფასებებს იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში.
“საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებები ჩვენი სახელმწიფოს, “ღირსების რევოლუციის”, უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის, გმირობის შესახებ, მიუღებელია და აღმაშფოთებელი.
ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე პასუხისმგებელია არა უკრაინა, რომელიც საკუთარ თავს იცავს, არამედ სწორედ რუსეთი, რომელიც მოღალატეობრივად დაესხა თავს ჩვენს სამშობლოს. ის არის პასუხისმგებელი უკრაინული ქალაქებისა და სოფლების განადგურებაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სიტყვა “რუსეთი” არც გაჟღერებულა ქართველი მაღალჩინოსნის განცხადებაში.
დასანანია, რომ ვუყურებთ საქართველოს პრემიერმინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრულ და უწყვეტ დეგრადაციას. მისი განცხადებების გარჩევა რუსეთის ლიდერების განცხადებებისგან ბოლო დროს გართულდა.
რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს მიერ უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში უკანასკნელ ათწლეულებში ჩადენილი დანაშაულების გამო.
მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, რომ შეეშვან ჩვენი ქვეყნის მისამართით ისეთი განცხადებების კეთებას, რომლებიც იმეორებს რუსულ ნარატივებს. შეეშვან უკრაინის გამოყენებას საქართველოში შიდა პოლიტიკური ბრძოლის მიზნებისთვის.
უკრაინა კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველი ხალხის მისწრაფებას მშვიდობისკენ, თავისუფლებისკენ, საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისკენ და სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირების დამყარებისკენ”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
დღეს, 30 მაისს, ირაკლი კობახიძემ კვლავაც განაცხადა, რომ საქართველოში მაიდანს ვერავინ ეღირსება. მან ასევე ილაპარაკა იმაზე, რომ 2013 წლის მერე უკრაინა, რომელსაც მანამდე ტერიტორიული მთლიანობა ჰქონდა, დღემდე უკვე ჩამოიქცა. პასუხისმგებლობას კი არავინ იღებს მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ათიათასობით ადამიანის დაღუპვაზე.