“ვუერთდებით თსუ-ს სტუდენტების მიერ წამოწყებულ პროტესტების სერიას” – GIPA-ს სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივას, რაც სასწავლო პროცესის შეწყვეტას გულისხმობს,
GIPA-ს სტუდენტების ნაწილიც უერთდება.
“ევროპაში ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული მისიაა. GIPA-ს სტუდენტები ვუერთდებით თსუ-ს სტუდენტების მიერ წამოწყებულ პროტესტების სერიას. ვინაიდან და რადგანაც, ჩვენ აუდიტორიაში ვერ ვისხდებით ლაღად და ვერ მივიღებთ ზუსტად იმ ღირებულებებს, რასაც ვიღებთ და რის გამოც ჩვენი მმართველი პარტია ესე სასტიკად გვისწორდება და გვსჯის. მიგვაჩნია ეს სრულიად არასწორად. პირიქით. ჩვენ უნდა გამოვიდეთ, რასაც ვაკეთებთ. GIPA ყოველთვის დგას ისტორიის სწორ მხარეს. აქციებზე დავდივართ ჩვენს ლექტორებთან ერთად. ასეც გაგრძელდება ამ საშინელი კანონის გაწვევამდე,” – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი “მთავარ არხთან”.
მანამდე კი განცხადება გაავრცელა GIPA-ს სტუდენტურმა მოძრაობამ, სადაც ნათქვამია, რომ სტუდენტები,
მშვიდობიანი პროტესტის ბრუტალური ფორმით მრავალჯერ დარბევის შემდეგ, უნივერსიტეტში მისვლას აღარ აპირებენ.
“ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, რუსული და ოფშორული კანონების მიღება, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა, დაკავება და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ანგარიშსწორება გვაიძულებს შევუერთდეთ საერთო სტუდენტურ ინიციატივას და მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას – უარი ვთქვათ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე.
ხელისუფლება, რომელიც ღალატობს ქართველი ერის ურყევ ნებას და სცდება კონსტიტუციას, გვაიძულებს სტუდენტებს გამოვაცხადოთ გაფიცვა. ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია მიმდინარე პროცესების ფონზე, მშვიდად ვისხდეთ აუდიტორიებში და თეორიულად შევიმეცნოთ ის ღირებულებები, რომლებსაც პრაქტიკაში მმართველი ძალა უგულებელყოფს.
მივმართავთ ჯიპას აკადემიურ პერსონალსა და ჩვენთვის პატივცემულ ლექტორ-პროფესორებს – ახლა, როცა საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს დემოკრატიასა და ევროინტეგრაციის პროცესს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენგან პასუხს ელის, როცა ხელისუფლება რეპრესიებით გვემუქრება, აღარ არის აუდიტორიაში ყოფნის დრო, გთხოვთ შემოგვიერთდეთ. სტუდენტები აღარ ვაპირებთ მშვიდობიანი პროტესტის ბრუტალური ფორმით მრავალჯერ დარბევის შემდეგ უნივერსიტეტში მისვლას. ვუერთდებით საერთო-სახალხო პროტესტს რუსთაველის გამზირზე და ვწყვეტთ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე. გავიმარჯვებთ სახელოვნად,” – ვკითხულობთ განცხადებაში.