სუპერლიგის მე-9 ტური 2 დაძაბული და საინტერესო მატჩით დასრულდა, რის შემდეგაც ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა. თსუ და ქუთაისი აქამდე თითქმის თანაბრად მოდიოდნენ, თუმცა მე-9 ტურში იმერულმა კლუბმა წაიფორხილა. გუშინ თსუ-მ თავისი მატჩი კსუ-კავკასიასთან მოიგო და პირველ ადგილზე გადავიდა. ქუთაისი დღეს თამაშობდა და მოგების შემთხვევაში თსუ-ს კვლავ გაუთანაბრდებოდა, თუმცა…
საკალათბურთო კლუბმა “ვსა-ბასკეტბოლმა” საკუთარ თავს აჯობა, წინა ტურში რუსთავთან 21-ქულიანი მარცხის შემდეგ მობილიზება მოახდინა და მოქმედ ჩემპიონსა და ცხრილში 1 წაგების მქონე ქუთაისს სძლია. შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა, რისი მიზეზიც ქუთაისის სპორტის სასახლის რეკონსტრუქცია გახლავთ. ვსა-მ თითქმის უიმედო მატჩი შემოუტრიალა ქუთაისელებს. შეხვედრის დასრულებამდე 3:30 წუთით ადრე მასპინძლები 8 ქულით დაწინაურდნენ: მარქუს გილსონის ორქულიანის შემდეგ ანგარიში 87:79 გახდა.
ვსა-მ მოახერხა დარჩენილ დროში თამაშის გადარჩენა. ლუკა კალატოზიშვილის და ანზორ ნადირაძის ქულებს ლუკა ლიკლიკაძემაც შედეგიანი გარღვევა მიაყოლა და ძირითდი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე წინ ვსა გავიდა 88:87. დარჩენილ დროში ქუთაისმა ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა ნადირაძემ გამთანაბრებელი ბოლო წამებზე ჩააგდო და ძირითადი დრო ფრედ – 90:90 დასრულდა.
დამატებით დროში მნიშვნელოვანი იყო ვატო გაჩეჩილაძის სამქულიანი, რომელმაც ვსა 100:97 დააწინაურა. ქუთაისელებმა მაინც მოახერხეს გათანაბრება, თუმცა ვსა-ს ბოლო შეტევა დარჩა. შეტევისთვის განკუთვნილი 23 წამიდან 20 ბურთის გათამაშებაში გალიეს და დემარი კინგმა დასრულებამდე 3 წამით ადრე გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო – 102:100.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ჰქონდა ანზორ ნადირაძეს – 22 ქულა, 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 პასი. 24 ქულა დააგროვა დემარი კინგმა, ლუკა ლიკლიკაძის ანგარიშზე 17 ქულა და 8 პასი დაგროვდა. ქუთაისში 28 ქულით დეტრეკ ბრაუნინგი გამოირჩა. გიორგი სულაბერიძეს სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 15 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი.
მეორე მატჩი რუსთავში გაიმართა. ქვემო ქართლს ზესტაფონის მარგვეთი ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში – 93:89 იმარჯვა. რუსთაველებმა წინა ტურში სტუმრად ვსა დაჯაბნეს (21 ქულით სძლიეს) და ცხადია, იმერული კლუბის დამარცხებასაც ეშურებოდნენ. გოგა ცეკვავას გაწვრთნილი გუნდი ახლოსაც იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ბოლო წუთზე, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, 2 საბედისწერო შეცდომა დაუშვა – მარგვეთმა ორჯერვე იხეირა, საჯარიმოები და ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულით გაიმარჯვა.
არადა, მეორე პერიოდში ზესტაფონი 20 ქულით იგებდა. სტუმრებს ყველაფერი გამოსდიოდათ, მასპინძლებს კი – არაფერი. თუმცა რუსთაველები მალევე გამოერკვნენ, თამაში დაალაგეს და ხანგრძლივი დევნის შემდეგ ბოლო მეოთხედში ქულითაც დაწინაურდნენ. ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდნენ და ბოლომდე ბრძოლით გამარჯვებამდე მივიდნენ, რაშიც ლომის წილი მათ ლეგიონერებს – ჯეილენ ჰილს (24 ქულა), კრისტიან ჯონსს (22) და დიჯეი დევისს (17) მიუძღვით. რუსთავში გამოსარჩევია ვილი ისიანი, რომელმაც ცენტრის კვალობაზე ბევრი – 6 სამქულიანი ჩააგდო. ისიანის ანგარიშზე საბოლოოდ 23 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.
პირველი წრის დასრულებამდე დარჩენილია 1 ტური, რომელიც 27 და 28 დეკემბერს გაიმართება.
GBF.GE
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
სუპერლიგის VIII ტური | თსუ-ს, ორბის და კსუ-კავკასიის გამარჯვებები
“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში ნახევარფინალისტები ბოლო ტურში დაწყვილდებიან




