კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს:
,,მეგობრებო,
ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება შეწყდა, რაც არის სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია. როგორც ადვოკატი,
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე. მეტიც, სწორედ საქართველოს გენერალური პროკურატურის ინიციატივით 2023 წლის ბოლოს ცვლილება შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და ისეთ დანაშაულებზე, რომელსაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, აღარ გავრცელდება ხანდაზმულობა, შესაბამისად გამოძიება გაგრძელდება ფაქტობრივად უვადოდ, ლოგიკურ სამართლებრივ შედეგამდე. მოგეხსენებათ, რომ პირველი პრეზიდენტის საქმე 2015 წელს გადაკვალიფიცირდა მკვლელობად და გამოძიება სწორედ ამ მუხლით გაგრძელდა, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდიას უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი შვილი, კონსტანტინე გამსახურდია.
ამ საქმის დახურვისგან და თაროზე შემოდებისგან გადარჩენაში ბევრ ადამიანს მიუძღვის წვლილი (მოვა დრო და ამაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებ), უპირველეს ყოვლისა კი ზვიად გამსახურდიას ოჯახს, მის შვილებს და მხარდამჭერებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ცოტნეს ბრძოლა, რომელმაც თავის დროზე პირველმა გამომიცხადა ნდობა როგორც ადვოკატს და რომელთან ერთადაც, ბევრი სირთულე გამოვიარეთ. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ ფარდა ავხადოთ პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეს, რამაც ოცდაათი წლის წინ, სრულიად შეცვალა საქართველოს განვითარება და ვინ იცის, რომ არა ის საბედისწერო გასროლა, როგორი იქნებოდა ჩვენი დღევანდელი დღე.
მეტი თვალსაჩინოებისთვის ამ განცხადებას თან ვურთავ გენერალური პროკურატურიდან მიღებული პასუხის შემოკლებულ, დაშტრიხულ ვარიანტს.
იმედია ამის შემდეგ საბოლოოდ შეწყდება ყველანაირი სპეკულაცია ამ საკითხის ირგვლივ.
გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას!”