ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად – გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ კერძო სექტორში ბრუნდება

ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად – გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ კერძო სექტორში ბრუნდება
საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ პოლიტიკა, ზოგადად, უმადური საქმეა და რა წნეხსაც ჩვენი ლიდერები ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უანგაროდ უძლებენ, წარმოუდგენელია, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვთხოვო გაუფრთხილდნენ მათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გადადგომის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა.
როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ის რჩება პოლიტიკური გუნდის „ქართული ოცნების“ წევრი და დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რითაც საშუალებას მისცემს ქვეყანას განაგრძოს მშვიდობიანი და მყარი განვითარება.
„განათლების სისტემა ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ემსახურება ყველაზე მთავარს ამ ქვეყანაში, ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას და მათ განათლებაზე ზრუნვას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, მრავალი გათენებული ღამისთვის, ბრძოლისთვის და იმ დიდი რეფორმებისთვის, რომლებიც ერთად განვახორციელეთ. პატივი იყო ჩემთვის თქვენთან ერთად ქვეყნისა და ქართული განათლების სამსახურში ყოფნა. განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ერთად შევძელით და გავატარეთ ისეთი ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესი რეფორმები, როგორიც არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შემუშავება, უპრეცედენტო სახელფასო მატება პედაგოგებისთვის, მასწავლებლის ეროვნული დღის დაარსება, პროფესიული განათლების შეტანა სკოლებში, 100 სრულიად ახალი სკოლა ჩვენს მომავალ თაობას, კერძო საჯარო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში, გაორმაგებული სტიპენდია სტუდენტისთვის, 27 ათასი სტუდენტისთვის დავალიანების განულება, ონლაინ განათლების რეფორმა, ახალი სადოქტორო სტანდარტის შემუშავება, ერთ წლიანი სამაგისტრო და სამ წლიანი საბაკალავრო პროგრამების დაშვება. მასშტაბური პროექტის -“სტუდფესტის“ განხორციელება სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტებში სტუდენტური კლუბის გაძლიერება,- ეს იმ რეფორმების მწირი ჩამონათვალია, რაც ჩემს გუნდთან ერთად განვახორციელეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა ამ დიდ ეროვნულ საქმეში. და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს, სკოლის ადმინისტრაციას, პროფესორებს, სტუდენტებს, რექტორებს, მეცნიერებს, დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთვის და მადლობას გიხდით ყველას თანადგომისთვის, რასაც მუდმივად ვგრძნობდი თქვენგან. ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდობიანი და მყარი განვითარება“, – განაცხადა ამილახვარმა.
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის კერძო სექტორს დაუბრუნდება.
როგორც ყოფილმა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი სა და გუნდის წევრებს სთხოვა, „4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, შესაძლებლობა მიეცათ, ისევ კერძო სექტორში დაბრუნებულიყო”.
„მოგეხსენებათ, 2020 წელს შევუერთდი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს, მას შემდეგ თავდაუზოგავად ვემსახურები ჩვენს ქვეყანას და ქართულ განათლებას. პარლამენტში, კომიტეტის თავმჯდომარის, თუ მინისტრის რანგში. ამ 4 წლის განმავლობაში, ბევრი ღირსეული ადამიანი გავიცანი და მათთან ერთად, ბევრი რამ გავაკეთე და ბევრ შედეგსაც მივაღწიეთ ერთად, რაც ნამდვილად მეამაყება. საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკაში მოსვლამდე საკმაოდ წარმატებით ვსაქმიანობდი ბიზნესში, კერძოდ, განათლების ბიზნესში. როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე, ჩვენი გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4-წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა. შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი გუნდის ლიდერებს ამ ურთიერთგაგებისთვის, მინისტრის პოზიციას ვტოვებ არჩევნებამდე, რათა ახალ მინისტრს მივცე შესაძლებლობა სამინისტროში შემოვიდეს და სისტემას წარუძღვეს არჩევნებამდე. ხოლო, მე როგორც აღვნიშნე, ვიქნები კერძო სექტორში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ს იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და მეგობრობისთვის, რასაც მისგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიღებდი. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენი გუნდის თითოეულ ლიდერს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის“, – განაცხადა ამილახვარმა.
ცნობისთვის, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა.
გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი 2023 წლის მარტში შეცვალა. ის თანამდებობაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ამილახვარი დაკავებულ პოსტს 1.5 წლის განმავლობაში იკავებდა.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გიორგი ამილახვარი:

• 2018 – 2019 წლებში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა;
• 2010 – 2020 წლებში თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი იყო, ასოცირებული პროფესორი სამართალში;
• 2008 – 2010 წლებში ლიეტვურ საინვესტიციო კომპანიაში შპს „სავერუსის“ საქართველოს ფილიალის „სავერუს ჯორჯია“ მთავარი იურისტი იყო;
• 2007 – 2008 წლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე იყო.
ცნობისთვის: გიორგი ამილახვარმა 2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა; 2016 წელს კი კვლევითი სტაჟირება გერმანიაში მაქს-პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის კვლევით ინსტიტუტში გაიარა.

ასევე დაგაინტერესებთ