რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც კლინიკის შენობის დემონტაჟი იგეგმება. მედპერსონალი ამბობს რომ ამის შესახებ დღეს გაიგეს და საქმის კურსში საავადმყოფოს დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გაიგო.
“დღეს გავიგეთ, არაფრის დიდებით არ დავთმობთ, ასე არ წავალთ. არც ერთი თანამშრომელი არ ეთანხმება ამ მდგომარეობას”…
“რას ვეთანხმებით, ვრჩებით უმუშევრები, რა უნდა დავეთანხმოთ, ჯერ არაფერი არ მიგვიღია ” – აცხადებენ თანამშრომლები.
როგორც ირკვევა შენობის დანგრევის შესახებ არც რესპუბლიკურის ხელმძღვანელობა იყო საქმის კურსში და მთავრობის გადაწყვეტილებაზე მათაც ტელევიზიით გაიგეს.
მედპერსონალთან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც კომპენსაციების საკითხი განიხილეს, ცოტა ხნის წინ დასრულდა:
“მწვავე იყო ამის მოსმენა თანამშრომლების მხრიდან. ასევე სამინისტროს მხრიდან მოტანილ იქნა და განხილული იქნა ნაწილობრივ იმ კომპენსაციების პაკეტი, რომელსაც სამინისტრო გეგმავს. დაახლოებით 650 თანამშრომელია რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული . კომპენსაცია შეეხება როგორც კლინიკურ, ისე ადმინისტრაციული ნაწილის თანამშრომლებსაც. საუბარია 4-დან 12 თვემდე კომპენსაციაზე… ჩემთვისაც სიახლე იყო. “- თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ კლინიკურმა დირექტორმა, თეა თავართქილაძემ.
ინფორმაცია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაანგრევენ და მის ადგილას ახალს ააშენებენ, დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. მიზეზი მთავრობის განცხადებით, შენობის ავარიულობაა. ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა იმ შეთავაზებებზე, რასაც სახელმწიფო რესპუბლიკურში დასაქმებულ თანამშრომლებს შესთავაზებს.