“ვოცნებობდი, მეცხოვრა თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ადამიანს იმიტომ სცემენ პატივს, რომ ადამიანია… ნუთუ არაფერი შეცვლილა?” – გენიალური ლია ელიავას ცხოვრების გზა – Marao
როდესაც გასული საუკუნის ცნობილ ქართველ ქალებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ქალი, რომლის სახელი და გვარი ქართული კინოს მოყვარულთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ლია ელიავა, 1934 წლის 28 მაისს თბილისში დაიბადა. მომავალი მსახიობის ცხოვრების გზა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. ძალიან პატარა იყო, მამამისი – შალვა ელიავა რომ დახვრიტეს, დედა კი, ეკატერინე კერესელიძე, ციმბირში გადაასახლეს. პატარა ლია ბებიასა და პაპასთან იზრდებოდა და გადასახლებიდან დაბრუნებულ დედას უკვე ჩვიდმეტი წლის ულამაზესი ქალიშვილი დახვდა. მსახიობი იხსენებდა, როგორ გაუჭირდა, მისთვის „დედა“ დაეძახა: „პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი“.
მსახიობობა ბავშვობიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი და ეს ოცნება აისრულა. სწავლა თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტში დაიწყო, პირველივე კურსზე შეამჩნია დავით რონდელმა და ეპიზოდურ როლში, „ჩრდილი გზაზე“ გადაიღო. 1960 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1976 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
“ყოველთვის ვოცნებობდი, მეცხოვრა თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ადამიანს იმიტომ სცემენ პატივს, რომ ადამიანია, შემოქმედს იმიტომ, რომ შემოქმედია. მსურდა, მოქალაქეობრივი სილაღეც მქონოდა, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება. ისე მოხდა, რომ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდი. ნუთუ არაფერი შეცვლილა?..”
ოთარ კობერიძეს ბევრი ლამაზმანი შეხვედრია ცხოვრებაში, მრავალ კაშკაშა ვარსკვლავთან ერთად უთამაშია, მაგრამ ისე ვერავინ მოახდინა მისი მოხიბვლა, როგორც ლია ელიავამ. კობერიძემ იცოდა, რომ ახალგაზრდა მსახიობი ქალი, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი, ერთ-ერთ მთავარ როლზე იყო დამტკიცებული, თუმცა ჯერ ნანახი არ ჰყავდა. ბუნებრივია, აინტერესებდა, ვისთან ერთად მოუხდებოდა გადასაღებ მოედანზე ყოფნა… მაყურებლის გულის მოსანადირებელი თვისებები ლია ელიავას ბუნებით ჰქონდა მომადლებული, ხოლო ახლო ხედით ჩვენებისას მისი თვალები სასწაულს ახდენდა და ახდენს დღესაც. დიდი, მეტყველი, წრფელი თვალები… ამ თვალებმა დანახვისთანავე დაატყვევა ოთარ კობერიძე – „ბაში-აჩუკი“, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს დაიძინა და მეორე დღეს ერის გმირად გაიღვიძა. ეს იყო 1956 წლის 10 დეკემბერს, როდესაც თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე პირველად გამოჩნდა რეჟისორ ლეო ესაკიას ფილმი „ბაში-აჩუკი“, სადაც ოთარ კობერიძე მთავარ როლს ასრულებს, ლია ელიავა კი – ტყუპ დებს, პირიმზისას და პირმთვარისას განასახიერებს. წყვილმა სწორედ ამ ფილმის გადაღებისას გაიცნო ერთმანეთი და დაქორწინდნენ კიდეც.
„ყველაფერი უფლის ნებით მოხდა. უფალმა საოცარი სინათლე დამაფრქვია ზემოდან და რაღაც ცეცხლოვანი, ალისფერი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში“ – იხსენებს ოთარ კობერიძე მეუღლეზე.
ოთარ კობერიძეზე ქალები ლამის ჭკუას კარგავდნენ, იგივე ხდებოდა ლია ელიავასთან დაკავშირებითაც – მამაკაცები გიჟდებოდნენ მასზე. ეს, ცხადია, იცოდა ოთარმა, მაგრამ ამის გამო მათ სიყვარულს ეჭვიანობა არასდროს გაჰკარებია, ორივე მუდამ ნდობით და პატივისცემით უდგებოდა პირად ურთიერთობას.
სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ, რომ ორივე მსახიობი დაოჯახებული იყო. „პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ ოჯახის შექმნაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით და ლამაზად მთხოვა ხელი, რომ უარი ვერ ვუთხარი. როცა „მამლუქი“ ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენ უკვე საყვარელი ქალიშვილი, ნანა გვყავდა“, – ამბობდა ლია ელიავა.
მისი საოცნებო როლები ქეთევან წამებული და ნინო ჭავჭავაძე იყო. „თენგიზ აბულაძის „მონანიებაში“ ქეთევან ბარათელი უნდა ეთამაშა, მაგრამ როლზე ზეინაბ ბოცვაძე დაამტკიცეს. გული დასწყდა, მაგრამ როცა ზეინაბ ბოცვაძის ქეთევანი ნახა, აღტაცება არ დაუმალავს.
უბრალო ადამიანებთან ურთიერთობა უყვარდა, ხშირად დადიოდა რაიონებსა და სოფლებში და, ალბათ, ამიტომაც იყო მის დაკრძალვაზე უთვალავი ხალხი. “სამწუხაროდ, მას შემდეგ არაერთი ცნობილი და ხალხის საყვარელი ადამიანი წავიდა ამქვეყნიდან, მაგრამ პირადად მე ხალხის ისეთი უზღვავი რაოდენობა არცერთის დაკრძალვაზე არ მინახავს. მახსოვს, ამბობდნენ კიდეც, ამდენი ხალხი ერთი ეროსი მანჯგალაძის დაკრძალვაზე იყო და მეორე – ლია ელიავას დაკრძალვაზეო.”ლია ელიავა 1998 წლის 8 ოქტომბერს, ძილში გარდაიცვალა.
მანამ, სანამ ოთარი ცოცხალი იყო, ყოველ წელს აღნიშნავდა გარდაცვლილი მეუღლის დაბადების დღეს – „ჩემს ლიას ვუხდი ხოლმე დაბადებისა და გარდაცვალების დღეებს, ვლოცულობ, მივდივარ მის საფლავზე, ვანთებ სანთელს და უფალს მის სახელს ვავედრებ.“