“ვოსორიტიდით” მკურნალობას დღეიდან ოთხი ბავშვი დაიწყებს | პრეპარატს ეტაპობრივად სხვა ბავშვებიც მიიღებენ

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი “ვოსორიტიდი” საქართველოში შემოვიდა და დღეიდან, 12 ნოემბრიდან მკურნალობს 4 ბავშვი დაიწყებს. პრეპარატს ეტაპობრივად მიიღებენ სხვა ბავშვებიც.
“დღეიდან უკვე დაიწყებენ თინეიჯერები მკურნალობას და ნელ-ნელა, ეტაპობრივად, 3 თვეში ერთხელ დაემატება 5 ბავშვი ჩაერთვება და ნელ-ნელა ასე დაინერგება მედიკამენტი, მოლოდინი გვაქვს ძალიან დიდი და ველოდებით მოუთმენლად, რომ დანერგვის პროცესი დასრულდეს და ყველა ბავშვი იყოს მედიკამენტით მკურნალობის ქვეშ”, – ამბობს მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი
ბავშვები მედიკამენტს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში მიიღებენ. კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ამბობს, რომ რამდენ ხანს გაგრძელდება “ვოსორიტიდით” მკურნალობის პროცესი, დამოკიდებულია იმ შედეგზე, რასაც ერთწლიანი კურსი აჩვენებს.
შეგახსენებთ, რომ დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი ივლისის თვეში დაამტკიცა. პროტოკოლის დამტკიცებას წინ უძღოდა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქციები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებდნენ.