ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, გია ვოლსკი რუსეთთან კავშირის მქონე ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან შეხვედრის შესახებ პარტია დროას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და თქვა, რომ შეხვედრაზე, რომელიც ხიდაშელის ინიციატივით შედგა, თემები, რომლებიც ოცნების პოლიტიკას დაუპირისპირდებოდა არ განხილულა.
“[ხიდაშელს] არავითარი სტატუსი არ გააჩნია, არავის სახელით არ ლაპარაკობდა. ზოგიერთი ადამიანი არის ასეთი, თავიანთ მოსაზრებებს ხშირად უზიარებენ მეორე ადამიანს. არ ვიცნობდი და გავიცანი – თვალმოკრული მყავს, მაგრამ ურთიერთობა არ მქონია. დამირეკა, ზარი გამოუშვა ჩემთან და თქვა, რომ საინტერესო მოსაზრებები აქვს აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით. ეს იყო და ეს… ხმა თუ ისმის, მოვუსმენ, მაგრამ ისეთი სიტყვა და წინადადება, რომელიც უპირისპირდებოდა იმ პოლიტიკას, რომელიც გვაქვს, არ ყოფილა”. – ამბობს ვოლსკი ტვ პირველთან საუბრისას.
ვოლსკის თქმით, ბიზნესმენთან შეხვედრისას მხარეებს არც რუსეთთან ბიზნეს ან რაიმე სხვა სახის ურთიერთობა განუხილავთ.
“ჩერეზ რუსეთი არ შეიძლება-თქო შესვლა, ადამიანებს იჭერენ ამის გამო. კანონი არ უნდა დაირღვეს-თქო. აფხაზეთის ტერიტორიაზეა საუბარი, ფსოუდან არც შესვლა, არც გამოსვლა კანონით არ შეიძლება…
რა ხორბალზე ლაპარაკობთ? არანაირ ბიზნესზე, არანაირ თემაზე, რომელიც რომელიც ეხება კონკრეტულ ისეთ საქმეს, რასაც შეიძლება დაარქვა რაღაც საკითხების განხილვა, ასეთი თემა არ ყოფილა ზოგადად. ვთქვით, რომ რუსეთზე მნიშვნელოვნად არის საქართველო დამოკიდებული ფქვილით, ხორბალზე არაფერი…
რუსეთთან ურთიერთობის რაიმე თემა განხილული არ ყოფილა, გარდა იმისა, რაზეც იყო ლაპარაკი – თქვა, რომ კარგი იქნება დავუბრუნდეთ, იმ შეთანხმებას, რომელიც ჰქონდა საქართველოს 2011 წელს”. – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა.
პარტია დროა წერს, რომ საქართველოს პარლამენტის გვერდით მდებარე კაფე მელოგრანოში შემდგარი შეხვედრისას ხიდაშელი ვოლსკის ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პოზიციებს აცნობდა. დროამ შეხვედრის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალა გამოაქვეყნა, თუმცა, თავად დიალოგის შინაარსს, პარტია ციტირებს.
როგორც დროაში ირწმუნებიან, მათმა წარმომადგენლებმა გაიგეს ხიდაშელისა და ვოლსკის სასაუბრო თემის ნაწილი. მათი მტკიცებით, რუსეთთან კავშირების მქონე ბიზნესმენი პირდაპირ ელაპარაკება ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს და მათი პოზიციები ქართული ოცნების დეპუტატს გააცნო.
ამას გარდა, როგორც დროაში ირწმუნებიან, ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან კონფედერაციის შექმნაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანაზე, ბიზნესურთიერთობებსა და რკინიგზის გაუქმებულ მონაკვეთზე.