ოპოზიციურმა ძალებმა ნიშების გადანაწილება გადაწყვიტეს – ასე აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს Newshub.ge-თან საუბრისას პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი.
გარდა ამისა, ვოლსკიმ სხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებზეც ისაუბრა. მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ „ლელომ“ ვერ მოძებნა თავისი ადგილი და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების გადმობირებას ცდილობს.
„გადაწყვიტეს, ნიშები გადაინაწილონ. მაგალითად, ნიკა გვარამია ცდილობს, მოიზიდოს ის ხალხი, ვინც „ქურქუმალმა“ თავისი „ამხედრების“ გამო დაკარგა. „ლელო“ ცდილობს ის ადამიანები მოიზიდოს, ვინც ფიქრობს, რომ დამოუკიდებელი, რაღაცა, პლატფორმა იქნება, მაგრამ ვერ მოძებნეს თავისი ადგილი და ფიქრობენ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები წაიყოლიონ, რომლებიც მოტყუვდებიან და მესამე ძალად შერაცხავენ ამ ხალხს.
მანდ არის, „გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძე. ჯაფარიძე იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც თავი უკანალის გაშიშვლების გარდა არაფრით გამოუჩენია. ერთხელ განცხადება გააკეთა, როდესაც ახალგაზრდებს შესთავაზა თავისი სხეულით ევაჭრათ, თუკი ისინი ამაში ფულს გააკეთებდნენ.
კიდევ არიან მანდ, აკიდებულ-ჩამოკიდებული პოლიტიკური სუბიექტები. რასაკვირველია, ამასაც ძალიან სწორად აფასებს საზოგადოება. ეს არის რეალობა, რომელიც ძალიან კარგად ჩანს“, – აცხადებს ვოლსკი.