„ქართული ოცნების“ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ეჭვი ეპარება, რომ წერილი, რომელიც პროპაგანდისტული მედიის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა, ნამდვილად მისი დაწერილია.
გია ვოლსკის „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, ეჭვი ეპარება თუ არა, რომ ეს წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილია.
„ხო, ეჭვი მეპარება“, – უპასუხა ვოლსკიმ.
დამაზუსტებელ კითხვაზე,თუ ვის შეიძლებოდა დაეწერა წერილი, მაგალითად იმას ხომ არა, ვინც რიჟვაძესთან ერთად იყო სუფრაზე, ვოლსკი პასუხობს:
„ნუღარ ჩამეკითხებით, არ ვიცი. ხო, სუფრაზე იქვე დაწერა წერილი…ნუ მიბაიბურებთ პასუხს… ეგ არავინ არ იცის, ვინ რა წერილი დაწერა. მე არც არაფერს უარვყოფ, არც არაფერს ვამტკიცებ… მე ვერ ვიტყვი, რომ ეს შემდგარი ფაქტია, რომ ეს წერილი არსებობს ისეთი, როგორც თქვენ უწოდებთ, ჩვენმა მედიამ გაავრცელა. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. გამოძიება ვალდებულია, რომ დაადასტუროს არის ეს წერილი თორნიკეს დაწერილი თუ არ არის. თუ მისი დაწერილია, მაშინ გაარკვიოს ვინ რას აბრალებდა და საერთოდ რა მოხდა იქ“.
შს სამინისტროს ცნობით, 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.პროპაგანდისტული მედიის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა. ამავე დროს, წერილის შესახებ შს სამინისტროს არაფერი განუცხადებია.
თუმცა სანდო წყაროებმა „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია. რაიმე სახის წერილის მედიისთვის გადაცემის ფაქტს არ ადასტურებენ არც საგარეჯოს საავადმყოფოში და არც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით იმყოფება.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, წერილი ამოღებულია სათანადო წესით და დამაგრებულია საქმის მტკიცებულებად.
„რაც შეეხება წერილს, მე ამაზე დაზუსტებით ვერ ვისაუბრებ. გადმოცემით რა ინფორმაციაც მაქვს ეს არის, რომ მის ტანსაცმელში იქნა აღმოჩენილი ეს წერილი. ეს არის ერთადერთი, რაც ამ წუთას შემიძლია გითხრათ. რასაკვირველია, ამოღებულია სათანადო წესით, დამაგრებულია ეს მტკიცებულება და შესაბამისად ამის თაობაზე საზოგადოება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სრულად ინფორმირებული“,- განაცხადა სარჯველაძემ.
