„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერსა და სადავო პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს არ სჯერა ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საჯარო განცხადების, რომელშიც თინა ბოკუჩავა ქმარზე ძალადობასა და მუქარაზე საუბრობდა. მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, რომ ეს იყო „უნიჭო სპექტაკლი“.
„ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს, რასაკვირველია, ზღაპარი უნდა დავარქვათ, თან ბოროტი ზღაპარი. აქ არის ერთი ამოცანა – შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, გამოიყვანოს ისე, რომ საბავშვო ბაღის ბავშვების დახოცვით დაემუქრნენ კოტიკოს, თუ არ აღიარებდა, რომ სისულელე თქვა 8 წლის წინ.
რასაკვირველია, პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრზე განახორციელა შეტევა. მე ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც ახასიათებდა „ნაცმოძრაობას“ მაშინ, როცა ბოკუჩავა იყო ერთ-ერთი ლიდერი და დღესაც რჩება, უბრალოდ, მართვის ბერკეტი არ გააჩნია ხელში“, – თქვა გია ვოლსკიმ.
გუშინ, 8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც მის სექსუალურ ორიენტაციას შეეხებოდა.
„გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი, რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი. მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს“, – ამბობდა იოსელიანი.
კოტე იოსელიანის ბოდიში მიემართებოდა მის მიერ 2018 წელს გაკეთებულ საჯარო განცხადებას, სადაც ის მიანიშნებდა უტა ივანიშვილსა და ერთ-ერთ ცნობილ საჯარო ფიგურას, პოლიტიკოსს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამ განცხადებიდან მეორე დღესვე მან საჯარო ბოდიში მოიხადა. თავად განცხადებებში ის სხვების პირად ცხოვრებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქალაქში მოსიარულე ჭორებს“ მიაწერდა.
დღეს, 9 ივნისს კი მისმა ცოლმა, თინა ბოკუჩავამ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მისი ქმარი კოტე იოსელიანი რამდენიმე საათის განმავლობაში გატაცებული იყო და ზეწოლის შედეგია ის განცხადება, რომლითაც ის ბოდიშს უხდის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შვილს – უტა ივანიშვილს.
