A-50-ისა და მტრის სხვა თვითმფრინავების განადგურება – უკრაინისა და პარტნიორების კავშირის მუშაობის შედეგია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება A-50-ებს და ჩვენი მტრების სხვა თვითმფრინავებს – ეს ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი კავშირის, უკრაინისა და პარტნიორების კავშირის შედეგია. ამ კავშირის გარეშე ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, ზოგიერთი მიმართულებით კი შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოს დაცვა… ამისთვის ჩვენ მადლობელი ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედროების, ჩვენი ერისა და ყველა ჩვენი პარტნიორის,” – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა პარტნიორებისგან მიღებული იარაღის უკრაინის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გამოყენებაზე.
„უკრაინას შესაძლებლობა არ აქვს და უფლება არ აქვს, და ეს არასდროს არ მოხდება, რომ უკრაინამ პარტნიორების იარაღი სხვა ტერიტორიებზე გამოიყენოს, გარდა დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.