ჩინეთი რუსეთს ეხმარება და უკრაინის გამარჯვებით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩინეთი ნამდვილად ძალიან მძიმე საკითხია – რთული. სი ძინპინთან მუდმივი დიალოგიც კი არ გვაქვს. გარკვეული სატელეფონო საუბრები გვქონდა, მან მითხრა, რომ იარაღს არ მიყიდდა [რუსეთს]. ნამდვილად არაფერი ვიცი შეიარაღების პაკეტების შესახებ, მაგრამ ერთი რამ ვიცი – ჩინეთი რუსეთს ეხმარება. არ ეხმარება უკრაინას, დაინტერესებული არ არის ჩვენი გამარჯვებითა და რუსეთის დამარცხებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი მოსაზრება არ არის. მისი თქმით, ჩინეთი დაინტერესებული არ არის აშშ-ისა და ევროპის ერთიანობით.
“და ისინი [ჩინეთი] დაინტერესებული არ არიან სუსტი რუსეთით. ვფიქრობ, ისინი ამიტომ ეხმარებიან რუსეთს,” – განაცხადა ზელენსკიმ.




