თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ თავშესაფრები დასჭირდებათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ დავბომბავთ, რადგან ტერორისტები არ ვართ. კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ სად არის თავშესაფრები. მათ ეს დასჭირდებათ. თუ ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს იმას, რომ უკრაინამ რუსეთის დარტყმებს უპასუხოს.
„თუ ისინი ჩვენ ენერგოობიექტებს დაარტყამენ, პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს იმას, რომ მათ ენერგოობიექტებზე დარტყმებით ჩვენც ვუპასუხოთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვუპასუხებთ. თუ ისინი იერიშებს მიიტანენ, ჩვენ ვუპასუხებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს აცნობა დამატებითი შეიარაღების სისტემის შესახებ, რომელიც ომის დასრულებას დააჩქარებს.
„ტრამპმა ეს იცის. ვუთხარი იმის შესახებ, რაც გვჭირდება. ჩვენ ეს გვჭირდება, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გამოვიყენებთ. თუ ეს ჩვენ გვექნება, პუტინზე დამატებითი ზეწოლა მოხდება, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კითხვაზე, დანიშნავს თუ არა არჩევნებს, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა მოხდება, უკრაინის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ თანამდებობის დატოვებისთვის მზად არის.
„ჩემი მიზანი ამ ომის დასრულებაა. დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, შეგვიძლია ეს პერიოდი გამოვიყენოთ. ვფიქრობ, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უსაფრთხოების მდგომარეობა არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
