5 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უცხოელ დიპლომატებს, რომლებმაც რუსეთის მიერ კრივოი როგის დაბომბვის შემდეგ მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანახმად, უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის, ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გამოხატულ პოზიციებს. ზელენსკის თანახმად, მნიშვნელოვანია, რათა მსგავსი იერიშები არ დარჩეს რეაქციების გარეშე.
“მადლობა პოზიციისთვის საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მაღალ წარმომადგენელს (კაია კალასს). ჩვენ ვაფასებთ, რომ პრინციპულად გამოვიდნენ იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და გერმანიის საელჩოები”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებაზე, რასაც ზელენსკიმ “სუსტი რეაქცია” უწოდა.
“სამწუხაროდ, უსიამოვნო გაკვირვებას იწვევს ამერიკის საელჩოს რეაქცია: ასეთი ძლიერი ქვეყანა, ასეთი ძლიერი ხალხი, და ასეთი სუსტი რეაქცია. თუნდაც სიტყვა “რუსულის” თქმისაც ეშინიათ, როდესაც ლაპარაკობენ რაკეტაზე, რომელმაც ბავშვები დახოცა” , – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა სოციალურ ქსელში მალევე გაავრცელა კომენტარი კრივოი როგზე განხორციელებულ იერიშზე, მაგრამ რუსეთი არ უხსენებია.
“შემზარავია ის, რომ დღეს საღამოს ბალისტიკური რაკეტა მოხვდა საბავშვო მოედანსა და რესტორანს კრივოი როგში. 50-ზე მეტია დაჭრილი და 16 დაღუპული, მათ შორის 6 ბავშვი. აი, რატომ უნდა დასრულდეს ეს ომი”, – დაწერა აშშ-ის ელჩმა პარასკევს სოციალურ ქსელ X-ში.
უკრაინის ქალაქ კრივოი როგში, სადაც 4 აპრილს რუსული ბალისტიკური რაკეტა ისროლეს, 5 აპრილს მსხვერპლის რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის ცხრა ბავშვია. ინფორმაცია გაავრცელა დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა კრივოი როგს ესროლა ბალისტიკური რაკეტა “ისკანდერ M”-ი, აღჭურვილი კასეტური ქობინით, რაც მოწინააღმდეგის დიდი ფართობისა და დიდ რაოდენობით ცოცხალი ძალის განადგურებაზეა გათვლილი.
რუსეთის სამხედრო უწყებამ კი გაავრცელა ცნობა, რომ ბალისტიკური რაკეტა აღჭურვილი იყო მხოლოდ ფუგასური ელემენტებით, ხოლო სამიზნე იყო კრივოი როგის რესტორანი, რომელშიც უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფების მეთაურები და უცხოელი ინსტრუქტორები თათბირობდნენ. რუსეთი ამტკიცებს, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად მოწინააღმდეგემ დაკარგა 85 სამხედრო მოსამსახურე და ასევე 80 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზს სიცრუე უწოდა და დასძინა, რომ რუსი სამხედროები ამ სიყალბით “თავიანთ ცინიკურ დანაშაულის გადაფარვას” ცდილობენ.
ეს ბოლო ორ დღეში კრივოი როგზე განხორციელებული მეორე გამანადგურებელი სარაკეტო იერიშია.
2 აპრილს ოთხი ადამიანი დაიღუპა კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
ფორუმი