ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების სამსახურისა და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„უკრაინის სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოების ყველა ხელმძღვანელი შევკრიბე, გენერალურ პროკურორთან ერთად. ეს ძალიან საჭირო შეხვედრა იყო. გულწრფელი და კონსტრუქციული საუბარი შედგა. ჩვენ საერთო მტერი გვყავს: რუსი ოკუპანტები. მადლობას ვუხდი დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას, კორუფციის პრევენციის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურორს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, შეხვედრაში მონაწილე მხარეები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ერთობლივ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.
„ყველას გვესმის ის, რასაც საზოგადოება ამბობს. ვხედავთ, რას ელიან ადამიანები სახელმწიფო ინსტიტუტებისგან – ინსტიტუტების მიერ სამართლიანობის უზრუნველყოფასა და მათ ეფექტურ ფუნქციონირებას. ჩვენ აუცილებელი ადმინისტრაციული და საკანონმდებლო გადაწყვეტილებები განვიხილეთ, რომლებიც თითოეული ინსტიტუტის მუშაობას გააძლიერებს და საფრთხეებს აღმოფხვრის“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს.




