უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმები ტერორიზმს წარმოადგენს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომში, უკრაინის აღდგენის საკითხზე მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
„გუშინ ღამით მათ კიდევ ერთი მასიური თავდასხმა განახორციელეს უკრაინაზე, რომლის სამიზნეც დედაქალაქი კიევი იყო. უკრაინელებს ყოველ ღამით ასობით დრონი ესხმით თავს. ეს აშკარა ტერორიზმია. ეს არის ზუსტად ის, რაც პუტინს სურს, რომ ჩვენი ხალხი დაიტანჯოს და უკრაინიდან გაიქცეს. მას სურს, რომ სიცოცხლე ყველგან განადგურდეს და არა მხოლოდ ფრონტის ხაზის სიახლოვეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს რუსეთის იერიშების გაძლიერების ფონზე ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა.
„ყველა ხედავს, რომ პუტინმა ყველა სამშვიდობო წინადადება უარყო და ძალადობის ესკალაციას ახდენს. რუსეთზე ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ, რათა რეალურ ცეცხლის შეწყვეტას მივაღწიოთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის აღდგენისთვის „მარშალის გეგმის“ მსგავსი ძალისხმევაა საჭირო.
„ევროპა უნდა შეთანხმდეს, რომ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას მოხმარდეს და არა მხოლოდ ამ აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, არამედ თავად აქტივებიც უნდა იქნას გამოყენებული“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
